მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Broadcom-ის შემოსავალმა 47%-ით იმატა, კომპანია AI-დან $12 მილიარდის მიღებას პროგნოზირებს

Broadcom

მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელმა გიგანტმა, ამერიკულმა Broadcom-მა ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელმაც უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.

საანგარიშო პერიოდში, კომპანიამ $13.07 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც პროგნოზირებულ შედეგს $100 მილიონით, შარშანდელ შედეგს კი - 47%-ით აღემატება. ამავე პერიოდში, Broadcom-მა $1.88 მილიარდით იზარალა, როცა შარშან, ამავე პერიოდში, ამერიკულმა კომპანიამ $6.12 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა. თუმცა, როგორც კომპანიაში ამბობენ, ზარალს Broadcom-ის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს შორის ინტელექტუალური საკუთრების გადაფორმებასთან დაკავშირებული $4.5-მილიარდიანი სახელმწიფო გადასახადი განაპირობებს.

Broadcom-ის კვარტალურ ანგარიშგებაში მოხვდა VMWare-იც - კომპანია, რომელიც Broadcom-მა გასულ წელს $61 მილიარდად შეიძინა. როგორც Broadcom-ის გენერალური დირექტორის, ჰოკ ტენის წერილში ვკითხულობთ, VMWare-ის ტრანსფორმაცია წარმატებით მიმდინარეობს, რაც კომპანიას EBITDA მაჩვენებლის 64%-მდე გაზრდის საშუალებას მისცემს. შემოსავლის 47%-იანი ზრდა, რეალურად, სწორედ VMWare-მა განაპირობა, რადგან ამ კომპანიის ფაქტორის გამოკლებით, Broadcom-ის შემოსავალმა მხოლოდ 4%-ით იმატა. ნახევარგამტარების გაყიდვით, Broadcom-მა $7.27 მილიარდი მიიღო, ანუ 5%-ით მეტი, ვიდრე შარშან.

წინა კვარტალის შედეგების გასაჯაროებასთან ერთად, Broadcom-მა სამომავლო განვითარების პროგნოზიც განაახლა - 2024 წლის მე-4 კვარტალში, ამერიკული კომპანია $14 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანია შემოსავლის გაზრდას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პროდუქტებიდანაც გეგმავს - წინა პროგნოზი კომპანიამ $1 მილიარდით, $12 მილიარდამდე გააუმჯობესა. შედეგებისა და პროგნოზის გასაჯაროების ფონზე, Broadcom-ის აქციების ფასმა 7%-ით იკლო, რაც პროგნოზირებული იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე, Broadcom-ის აქციები 40%-ითაა გაძვირებული, ერთი წლის ჭრილში კი ზრდა 75%-ის ტოლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები