მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბულგარეთი TOP-საექსპორტო ქვეყნების ათეულშია - რის ხარჯზე გაორმაგდა ექსპორტი?

ბულგარეთი

საქართველო-ბულგარეთის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 228 მილიონ 302 ათას დოლარამდე გაიზარდა, რაც ამ პერიოდში ექსპორტის გაორმაგებამ განაპირობა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 6 თვეში საქართველომ ბულგარეთში საქონლის გაყიდვით 83 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 106.9%-ით აღემატება. ამგვარად, ბულგარეთმა უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში 2.6%-იანი წილით მერვე ადგილი დაიკავა. აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო TOP-საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში ერთადერთია, სადაც ექსპორტი წელს გაორმაგდა. ამგვარად, ექსპორტის მიხედვით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩამონათვალში ბულგარეთმა 2025 წლის პირველ ნახევარში პირველი ადგილი დაიკავა.

ეს კი ამ მიმართულებით ძვირფასი ლითონებისა და ასევე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების გადაზიდვების გააქტიურებამ განაპირობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იმ საქონლის რეიტინგი, რომლის ექსპორტიც ბულგარეთში 1 მლნ დოლარს აღემატებოდა, ასეთია:

  1. მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - $36.4 მლნ;
  2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $33.3 მლნ;
  3. ფეროშენადნობები - $3.8 მლნ;
  4. სპილენძის ჯართი და ნარჩენები - $2.3 მლნ;
  5. შესაფუთი ტომრები და პაკეტები - $1.5 მლნ;
  6. აზოტოვანი სასუქები - $1.3 მლნ;

წლის პირველ ნახევარში მცირე მოცულობებით ბულგარეთში ასევე თხილი, თამბაქოს ნედლეული, ნავთობპროდუქტები, ყურძნის ნატურალური ღვინოები და სხვა საქონელი გავიტანეთ.

რაც შეეხება იმპორტს, რომელიც ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება, შესაბამისად ბულგარეთთან საქართველოს სავაჭრო სალდო უარყოფითია, 6 თვეში საქართველომ ამ ქვეყნიდან 145 მილიონ 357 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 3.8%-ით აღემატება. ბულგარეთიდან იმპორტირებული საქონლის ნახევარზე მეტი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე მოდის. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $85.8 მლნ;
  2. მსუბუქი ავტომობილები - $5.7 მლნ;
  3. სამკურნალო საშუალებები - $5.6 მლნ;
  4. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები - $4.9 მლნ;
  5. ატრაქციონების, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - $3.7 მლნ;
  6. პურფუნთუშეული - $3.2 მლნ;
  7. ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები - $2.1 მლნ;
  8. ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - $2 მლნ;
  9. დასაჯდომი ავეჯი და მათი ნაწილები - $1.8 მლნ;
  10. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - $1.4 მლნ;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები