მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბულგარეთის მთავრობა გადადგა - პრემიერ-მინისტრის განცხადება

ბულგარეთი

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა - იტყობინება ადგილობრივი მედია.

განცხადება 11 დეკემბრის გაკეთდა, რასაც წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი პროტესტი და, მათ შორის, 10 დეკემბრის მოვლენები, როდესაც ათობით ათასმა ბულგარელმა ქვეყნის ქალაქებსა და საზღვარგარეთ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართა.

11 დეკემბერს ჟელიაზკოვის მთავრობას პარლამენტი უნდობლობას მეექვსედ გამოუცხადებდა. საკითხი პარლამენტში ოპოზიციურმა კოალიციამ ორი მცირე პარტიის მხარდაჭერით წარადგინა.

კენჭისყრა 13:30 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა მმართველი უმრავლესობის დეპუტატები, მათ შორის ლიდერი ბოიკო ბორისოვი, სხდომას არ დაესწრნენ;

გამოცხადდა ნახევარსაათიანი შესვენება, რომლის შემდეგაც, სხდომის განახლების ნაცვლად, ჟელიაზკოვმა განცხადება გააკეთა.

მან თქვა, რომ პარლამენტში კენჭისყრა ჩატარდებოდა და უნდობლობის საკითხი ჩავარდებოდა, მაგრამ ამას მისი გადადგომა მოჰყვებოდა.

ეს დრამატული მოვლენები 20 დღით უსწრებს ბულგარეთის ევროზონაში გაწევრიანებას და ვალუტად ევროს შემოღებას, თუმცა პოლიტიკური პროცესები ამაზე გავლენას არ მოახდენს.

ჟელიაზკოვის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პირველი მოთხოვნა პარტია "ვაზრაჟდანემ" აპრილში, საგარეო პოლიტიკის საფუძველზე წარადგინა, ხოლო მეორე - ისევ აპრილში, პარტია „მეჩმა“, ამჯერად კორუფციის ბრალდებით.

მესამე კენჭისყრა, რომელიც 4 ივლისს ისევ ჩავარდა, მთავრობის ფისკალური პოლიტიკის კრიტიკას ეფუძნებოდა; ხოლო მეოთხე 11 ივლისს გარემოსდაცვით პოლიტიკაში არსებული ხარვეზების გამო ჩატარდა.

18 სექტემბერს ეროვნულმა ასამბლეამ კენჭი უყარა და უარყო ჟელიაზკოვის მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადების მეხუთე მოთხოვნა. ოპოზიციური პარტიები მთავრობას შიდა უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სექტორებში განცდილ მარცხში ადანაშაულებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები