მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუნდესტაგის წევრებთან ჩემი შეხვედრა მიზანშეწონილი არაა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან ჩემი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგის წევრი რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში.

„მეც მთხოვეს შეხვედრა, მაგრამ მე მგონი, არ არის მიზანშეწონილი ჩემი შეხვედრა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ამ დეპუტატებთან, მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ განახორციელა რამდენიმე თვის წინ. თქვენ გახსოვთ, იყო ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი ჩამოსული საქართველოში, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი პარლამენტარი და ამის შემდეგ, რამდენიმე საათში ის აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში. ასეთი აქტები არის მიუღებელი, ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრები არის მიუღებელი, ამ შემთხვევაშიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას, იმისათვის, რომ გაუზიაროს ჩვენი სათქმელი, თუმცა რამდენად იქნება ეს შედეგიანი, გამოჩნდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციამ. როგორც ბუნდესტაგის ერთ-ერთმა წევრმა, ულრიხ ლეხტემ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დელეგაციას არ ჰქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს გერმანელი დეპუტატების მიღებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები