მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთის წილი მზარდია - EPRC-ის მიმოხილვა

გაზი

2016-დან 2021 წლამდე პერიოდში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის წილი 5%-დან 15%-მდე, ანუ 3-ჯერ გაიზარდა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ მომზადებულ საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგოდამოკიდებულების მიმოხილვის მიხედვით, განსაკუთრებული ზრდა 2021 წელს შეინიშნება. 2020 წელს რუსული ბუნებრივი აირის წილი იმპორტში თანხობრივად 12.2 %-ს ს შეადგენდა. წელს ამ მაჩვენებელმა უკვე 23.1%-ს მიაღწია. 2021 წელს გაზის მთლიანი იმპორტის საფასური 333 მილიონი აშშ დოლარი იყო, მათ შორის აზერბაიჯანული გაზის – 256 მილიონი აშშ დოლარი, რუსული გაზის კი 77 მილიონი.

რუსული გაზის შესყიდვებს ქვეყანა ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენიდან ახორციელებს. მილსადენი წლიურად 2.2-2.3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს და ის სომხეთის გაზმომარაგების მთავარი არხია. 2015 წლის ჩათვლით საქართველო ტრანზიტის საფასურს, გატარებული გაზის 10%-ს ნატურით იღებდა, თუმცა 2016 წლიდან ტრანზიტის საფასურს რუსული „გაზპრომ ექსპორტი” საქართველოს ფულადი სახით უხდის, საფასური კი კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ბუნებრივი აირის მოხმარება ეტაპობრივად იზრდებოდა, რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა, ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდას აჭარბებდა, საიდანც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთიდან იმპორტირებულმა გაზმა გარკვეულ შემთხვევებში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული აირის ნაწილი ჩაანაცვლა, თუმცა აღსანიშნავია რომ ე.წ. „სოციალური გაზი“, ანუ აზერბაიჯანიდან შეძენილი გაზის შეძენა საქართველოს შეზღუდული რაოდენობით შეუძლია, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთიდან იმპორტირებულმა გაზმა გარკვეულ შემთხვევებში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული აირის ნაწილი ჩაანაცვლა.

ამავე მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მზარდია რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის მაჩვენებელიც, რაც მზარდი მოთხოვნითაა გამოწვეული. ამავდროულად სხვა წყაროების მაგივრად რუსეთიდან იმპორტის მიზეზი შედარებით დაბალი ფასიცაა. დანარჩენ იმპორტს უმეტესწილად აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, რიგ შემთხვევაში კი სომხეთიდან ვახორციელებდით. ამ ქვეყნებიდან იმპორტი საჭირო ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობითა და შემოთავაზებული ტარიფით განისაზღვრება.

"საქართველოს აქვს შესაძლებლობა რუსული იმპორტის წყაროები, აზერბაიჯანულით ან თურქულით ჩაანაცვლოს, თუმცა ეს, ერთი მხრივ, ეკონომიკურ წნეხთანაა დაკავშირებული, რადგან ამ ქვეყნებში ელექტროენერგიის ტარიფი ხშირად მატულობს. მეორე მხრივ კი რუსეთი მასზე სხვა ქვეყნების ენერგეტიკული დამოკიდებულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებითაა ცნობილი", - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები