მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულ ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესოს გაუფორმებენ

ვლადიმერ ღუდუშაური

თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულ ვლადიმერ ღუდუშაურს, რომელიც ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსია, საპროცესო შეთანხმება 4 წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით გაუფორმდება.

ღუდუშაური ერთადერთია, რომელსაც ამ საქმეზე პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.

საქმეზე დაკავებული დანარჩენი პირების ბურჭულაძის მოადგილის გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის მიმართ პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

საქმის პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ღუდუშაურმა გამოძიებასთან პირველივე დღიდან ითანამშრომლა და ეს იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

"საპროცესო შეთანხმების გაფორმება თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ის დამნაშავედ იქნება ცნობილი. მან დანაშაული თავიდანვე აღიარა, ითანამშრომლა კიდეც გამოძიებასთან, საქმე რამდენიმე ათეული ტომისგანაა შემდგარი, მას შემდეგ, რაც საქმის მასალებს გავეცანით, ანალიზი გავუკეთეთ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მივიჩნიეთ, რომ ეს იყო სწორი გზა და სტრატეგია, რაც მისი ინტერესების დასაცავად შეიძლებოდა გაგვეკეთებინა", - განაცხადა ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა, რომლის კომენტარსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები