ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე, ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, დიდი და რთული სამუშაო იწყება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრ ლუკას მანდლისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მნიშვნელოვანი მომენტი დგას.
"ეს ისტორიული მომენტია, მაგრამ ამ დროს ძალიან ბევრი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პერსპექტივები იყოს გამოყენებული და გამოწვევები გადალახული. ეს არის მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისთვის, რათა მაქსიმუმი გააკეთონ, რომ ერთობა იყოს ამ მიზანთან მიმართებაში და რაც საჭიროა ყველაფერი გააკეთონ რეფორმების დღის წესრიგის და საქართველოს როლის გააქტიურებით.
მოსახლეობის ასეთი დიდი რაოდენობა ამ მისწრაფებას ემხრობა. ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურები. ეს გახლავთ ძირითადი და ფუნდამენტური პროცედურები, ეს არის მოგზაურობა, გზა, რომელსაც საქართველო დაადგა, ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, ეს არის ის დღის წესრიგი, რასაც საქართველო წლების განმავლობაში ადგას. ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა მხარემ, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა გაიგოს ეს მნიშვნელობა, რომ ეს მართლაც ისტორიული მომენტია და უზრუნველყოს, რომ შედეგი არა მხოლოდ სიტყვები იყოს, არამედ ქმედებები", – განაცხადა ჰარცელმა.




























