მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბურთი საქართველოს მხარესაა" - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო

რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზადაა, თუმცა ჯერ პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობებს ვერ ხედავს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „იზვესტიას“ განუცხადა.

გამოცემა წერს, რომ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ოფიციალური თბილისი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ოფიციალური მოსკოვის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმას უკავშირებს. რუსეთში კი მიიჩნევენ, რომ ეს მოთხოვნა არარეალურია.

„რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის წინაპირობები არ არსებობს, რამდენადაც ოფიციალური თბილისი ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს არსებულ პოზიციას იზიარებს, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უარყოფას ითვალისწინებს. ეს თავად საქართველოსთვის დამაზარალებელი და არარეალური მოთხოვნაა. მოსკოვის მხრიდან არაერთხელ იყო ხაზგასმული, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება უცვლელია“, - განაცხადეს სამინისტროში.

ამასთან, რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ მზად არიან საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად იმ დონეზე, რა დონეზეც თავად ოფიციალური თბილისი იქნება მზად.

„ბურთი საქართველოს მხარესაა, რომელიც ჩვენი აზრით, სხვებზე მეტად თავად უნდა იყოს დაინტერესებული“, - განაცხადეს უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები