მიგრაციის ტენდენცია შეიცვალა. 9 თვის მდგომარეობით, საქართველო 20 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ დატოვა. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან 1,508,187 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო საქართველო დატოვა რუსეთის 1,528,193 მოქალაქემ. შესაბამისად, ქვეყნიდან 20,006-ით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა.
ქვეყანაში რუსული მიგრაციის ფინანსური გავლენის შემცირებაზე მიუთითებს ფულადი გზავნილების სტატისტიკაც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში გზავნილებში პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაცია იყო, თუმცა რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 66%-ით, ანუ 114 მილიონი დოლარით შემცირდა.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, დამატებითი ბუსტის ეფექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკამ რუსი მიგრანტებისგან მიიღო, წლის ბოლოსთვის საერთოდ გაქრება.
„9 თვის მონაცემები იძლევა შეფასების შესაძლებლობას, რომ საქართველოში წინა წლის მდგომარეობა, როცა 60 000-მდე რუსი შემოვიდა, ეს მაჩვენებელი იკლებს და სავარაუდოდ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ან რუსეთში ბრუნდებიან ან საქართველოს ტოვებენ და მიდიან სხვა ქვეყნებში. საბოლოო ჯამში ეს შემოდინება, რომელსაც ჰქონდა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მახასიათებლები, არის შემობრუნებული და სავარაუდოდ, წლის ბოლოს, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა რუსეთში, ეს მაჩვენებელი [რუსეთის მოქალაქეების რიცხოვნობა საქართველოში] იქნება ნაკლები, ვიდრე იყო 2022 წლის ბოლოს.
გვახსოვს ფინანსთა სამინისტროს განცხადება, რომ 2-3% იყო მიგრანტების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე, სავარაუდოდ ეს ეფექტი წლის ბოლოსთვის საერთოდ გაქრება და შესაბამისად დამატებითი ბუსტი, რომელიც მიიღო ეკონომიკამ 2022 წელს, 2023 წლის ბოლოსთვის იქნება ჩავლილი.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ გადმორიცხვების დინამიკაზე, სადაც გვაქვს მკვეთრი კლება. აქაც ინტერესი რუსების მხრიდან საქართველოს მიმართ შემცირებულია. ვფიქრობ, 2024 წელი სხვა თანაბარ პირობებში იქნება კიდევ უფრო შენელების წელი, როცა ინვესტიციები და საქართველოში რუსი მცხოვრებლების რაოდენობა იქნება ნაკლები, ვიდრე იყო წელს.
სავარაუდოდ, უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც მომენტი შესძინა მიგრანტებმა, ეს მომენტი ჩაივლის. ბევრი სამშენებლო კომპანია რუსი მიგრანტების შეძენილ ქონებაზე აკეთებდა ფსონს, რის გაკეთებასაც არ ვურჩევდი 2024 წელს“,- აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.