მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bybit Georgia საქართველოში კრიპტო ბარათის შემოღებას გეგმავს - რას ნიშნავს ეს?

ბაიბიტი

კრიპტოვალუტის ბირჟა Bybit, რომელიც საქართველოსი 7 ივლისიდან ოპერირებს, კრიპტოთი ვაჭრობისთვის ახალ აპლიკაციას აამოქმედებს, მოგვიანებით კი Bybit Card-საც წარადგენს - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში თეკლა იაშაღაშვილმა, Bybit Georgia-ს რეგიონულმა მენეჯერმა ისაუბრა.

"Bybit-ს დაახლოებით 20 ქვეყანაში უკვე გვაქვს ან ლიცენზია, ან ვცდილობთ, რომ ლიცენზია მოვიპოვოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია , რომ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილი, ვიყოთ რეგულირებული პლატფორმა. რაც, ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი გზა არის იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ პარტნიორობა, როგორც პირდაპირ კრიპტო ეკოსისტემის პარტნიორებთან, ისევე საფინანსო სექტორთან, იქნება ეს კომერციული სექტორი თუ სხვა. ეს პირდაპირ კავშირში არის იმ პროდუქტებთან, რომლის ჩაშვებასაც ვაპირებთ. ჯერჯერობით, Bybit Georgia მხოლოდ "სპოტური თრეიდინგის" პლატფორმაა, თუმცა თანდათან დავამატეთ გამარტივებული საშუალებები, რომ იყიდოს მომხმარებელმა კრიპტო ჩვენს პლატფორმაზე, ასევე ჩვენი აპლიკაცია დაემატება ამ კვირაში მომხმარებლისთვის გამარტივებული წვდომისთვის.

თუმცა, ერთი პროდუქტი, რაზეც აქცენტი მინდა გავაკეთო, რის ჩაშვებასაც ვფიქრობთ და რაზეც ახლა ვმუშაობთ, ეს არის Bybit Card-ი, გლობალურად ძალიან ცნობილი პროდუქტი. ეს არის სადებეტო ბარათი, რომლის საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებელს, ისეთი სიმარტივით დახარჯოს თავისი კრიპტო აქტივები, როგორც ჩვენ ყოველდღე ვხარჯავთ ჩვენი საბანკო ბარათებით", - აღნიშნავს თეკლა იაშაღაშვილი.

Bybit Georgia-ს რეგიონული მენეჯერი განმარტავს, რომ ბარათი გამოიყენება ყველგან, სადაც გადახდა Master Card-ითაა შესაძლებელი: "ეს აბსოლუტურად გლობალური ბარათია, რომლითაც შეგიძლიათ, თქვენი კრიპტო დახარჯოთ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. შესაბამისად, სადაც იღებენ Master Card-ს, იქ მიიღებენ თქვენს Bybit ბარათსაც".

თეკლა იაშაღაშვილმა BMG-ის ეთერში საქართველოში კრიპტოინდუსტრიის განვითარების ტენდენციებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ საკითხზე ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება ამ მიმართულებით.

"სექტორის განვითარებას ვერ შევძლებთ, თუ ხელი არ შევუწყვეთ კრიპტოზე ცნობადობის ამაღლებას და განათლებას. [ამ დრომდე] არ არსებობს რესურსი, რომელიც [დაინტერესებულ პირებს] ხელს შეუწყობდათ, რომ მარტივად გასცნობოდნენ ჩვენს სექტორს, ჩვენს პროდუქტებს, როგორ მუშაობს საერთოდ კრიპტოსექტორი, რა არის მსგავსება ან განსხვავება ტრადიციულ საფინანსო სექტორთან და ასე შემდეგ.

ჩვენ გვაქვს პლატფორმა, რომელიც ჩაშენებულია ჩვენს საიტზე, სახელად Bybit Learning. პლატფორმაზე ჩვენს მომხმარებელს უკვე შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია არაერთ პროდუქტზე და სერვისზე. თუმცა, ასევე ვაპირებთ თანამშრომლობას უნივერსიტეტებთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ განათლება კრიპტოს მიმართულებით. ამასთან, ჩვენ გვყავს ასოცირებული ორგანიზაცია სახელად Blockchain for good, რომლის მთავარი მიზანიც არის, რომ ხელი შეუწყოს იმ პროექტებს, რომელიც ეხმარება კრიპტოს განვითარებას, ისეთ პროექტებს, რომლებიც კრიპტოს რეალურ, ყოველდღიურ გამოყენებაზეა ორიენტირებული", - ამბობს თეკლა იაშაღაშვილი.

ცნობისთვის, Bybit-ი პირველი და ერთადერთი გლობალური კრიპტო ლიდერია, რომელიც საქართველოში სრული ადგილობრივი ლიცენზიით ოპერირებს და მომხმარებლებს ციფრული აქტივებით ვაჭრობისთვის უსაფრთხო, რეგულირებულ გარემოს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები