კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის ავტორები, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერები არიან, რომლებმაც კრიპტობირჟა ByBit-იდან რეკორდული 1.5 მილიარდი დოლარის მოცულობის კრიპტოაქტივები მოიპარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კიბერძარცვაა.
როგორც ცნობილია, ჰაკერებმა ByBit-ის უსაფრთხოების სისტემაში შეღწევა და ერთ-ერთი მსხვილი საფულიდან კრიპტოვალუტის მოპარვა შეძლეს.
ByBit-ის დირექტორის, ბენ ჟოუს განცხადებით, კრიპტობირჟა გადახდისუნარიანია და მის 60 მილიონ კლიენტს არაფერი ემუქრება. მოპარულ აქტივებთან დაკავშირებით ჟოუ აღნიშნავს, რომ გამოძიება დაწყებულია და კომპანია ყველაფერს იზამს ჰაკერების აღმოსაჩენად, უფრო მეტიც, ის $140 მილიონის ჯილდოს გადასცემს იმას, ვინც დამნაშავეების იდენტიფიცირებას შეძლებს.
დუბაიში დაფუძნებული კრიპტობირჟის განცხადებით, მასშტაბური შეტევის მიუხედავად, მომხმარებლებს საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან მოპარულ აქტივებს კომპანია თავად აანაზღაურებს და ამ შეტევით ზარალი ByBit-ის კლიენტებს არ მიადგებათ. კომპანია იმასაც აღნიშნავს, რომ კრიპტობირჟის პორტფელში ისევ უსაფრთხოდ რჩება 20 მილიარდი დოლარის აქტივები, რომელთაც არავითარი საშიშროება არ ემუქრებათ და ბირჟიდან მათი გატანის საჭიროება არ არის.