მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BYD-ის ახალი ელექტრომობილები 5 წუთში დაიმუხტება

BYD

ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით ბოლო წლებში უდავო ლიდერად ჩამოყალიბებულმა ჩინურმა BYD-მ ახალი პლატფორმა წარმოადგინა, რომელმაც, როგორც ჩანს, EV-ების ყოლის ყველაზე დიდი გამოწვევა — დამუხტვა გაამარტივა. Super e-Platform — ასე ეწოდება BYD-ის ახალ 1,000-კილოვატიან პლატფორმას, რომელიც სულ რაღაც ხუთ წუთში იმუხტება. ახალ ტექნოლოგიას 1,000-მდე ამპერის გატარება შეუძლია, ხოლო პლატფორმა 1,000-ვოლტიანია, რაც ახალი სიტყვაა ელექტრომობილების წარმოებაში.

კონკრეტულად რა ტიპის დასამუხტი ინფრასტრუქტურა სჭირდება ამ პლატფორმაზე დაშენებულ ავტომობილებს BYD-ში არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ აღნიშნეს, რომ ჩინეთში 4,000 BYD-ის ბრენდრებული სადგური აშენდება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამ ტიპის მძლავრი EV-დამტენების დამონტაჟება შეუძლებელია ნებისმიერ ადგილას, რადგან მნიშვნელოვანია ახლოს იყოს, როგორც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, ასევე შესაბამისი ტრანსფორმატორი, რომელიც დენის გარდაქმნაზე იქნება პასუხისმგებელი.

თუკი BYD-ის ახალი ტექნოლოგია მართლაც ისე მუშაობს, როგორც ეს დაანონსებულია, ელექტრომობილების ინდუსტრია გარდატეხის წინაშე დგას. საქმე ისაა, რომ ელექტრომობილის ყოლის ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლება ისაა, რომ ამ ტიპის ავტომობილის დამუხტვას ათობით წუთი, ხშირად კი საათები სჭირდება, რაც მას მეტად არაპრაქტიკულს ხდის და შორ მანძილებზე გადაადგილებას ართულებს. თუკი BYD-ის ახალი ავტომობილები მართლაც ხუთ წუთში დაიმუხტება, ეს პრობლემა მოიხსნება, რაც, სავარაუდოდ, ელექტრომობილის ყოლისკენ უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს.

ახალ პლატფორმასთან ერთად, BYD-მ ახალი ელექტრომოტორები წარმოადგინა, რომელთა ბრუნის სიჩქარე 30,000 RPM-ია, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე 777 ცხენის ძალა, რაც ნიშნავს, რომ ეს ყველაზე მძლავრი საავტომობილო ელექტრომოტორია, რომელიც დღეს პლანეტაზე არსებობს. ერთმოტორიანი უკანა წამყვანი ავტომობილების მაქსიმალური სიმძლავრე 671 ცხენის ძალა იქნება, როცა ორმოტორიანი ავტომობილები 1,084 ცხენის ძალამდე სიმძლავრის განვთარებას შეძლებენ.

ამ მოტორებს BYD-ის ორ ახალ ავტომობილში ვხვდებით, ესენია: $37,350-იანი სპორტული სედანი BYD Han L და $38,700-იანი სპორტული SUV BYD Tang L. 100 კმ/სთ-ში სიჩქარემდე BYD Han L 2.7 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ია. BYD Tang L 100 კმ/სთ-ში სიჩქარემდე 3.6 წამში ჩქარდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 275 კმ/სთ-ია… ახალი ტექნოლოგიის და ავტომობილების წარმოდგენის შემდეგ, BYD-ის აქციები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები