კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
ტრამპმა ავტო ინდუსტრიაზე ტარიფები ერთი თვით გადაავადა - მიზეზი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 25%-იანი ტარიფები კანადასთან და მექსიკასთან ავტო ინდუსტრიაზე ერთი თვით გადავადდება. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა. როგორც Reuters წერს, ტრამპის ტარიფები ავტომწარმოებლებისთვის განსაკუთრებით რთული იქნება, რადგან წარმოების პროცესში ავტონაწილების ექსპორტ/იმპორტი სამივე ქვეყნის საზღვარზე ხდება. ტარიფები კი ამ პროცესს მნიშვნელოვნად გააძვირებს. როგორც CNN წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი აშშ-ის სამ უმსხვილეს ავტომწარმოებლის Ford-ს; General Motors-ს და Stellantis-ს ხელმძღვანელებს შეხვდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა საფონდო ბირჟა, ხოლო ტრადიციული საავტომობილო ბრენდების მფლობელი კომპანიების, Ford-ის, General Motors-ის და Stellantis-ის აქციები გაძვირდა. საბაზრო კაპიტალიზაცია ასევე გაეზარდათ ევროპულ საავტომობილო გიგანტებს.
“სამ დიდ ავტომწარმოებელ კომპანიას ველაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, ყველა ავტომობილს, რომელიც ქვეყანაში “ამერიკა-მექსიკა-კანადის საერთო შეთანხმების” ფარგლებში ხვდება, ერთთვიანი შეღავათი დავუწესოთ. პრეზიდენტმა კომპანიების წარმომადგენლებს უთხრა, დაიწყონ ინვესტირება და წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ტარიფის გადახდა არ მოუწევთ. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი”, — განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა.
BYD-ის ავტომობილები DJI-ის დრონებით აღიჭურვება
ელექტრომობილების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, ჩინური BYD მომხმარებლებს კიდევ ერთ რევოლუციურ სიახლეს სთავაზობს. BYD-ის წარმოების ავტომობილები, ამიერიდან, აგრეთვე ჩინური DJI-ის დრონებით აღიჭურვება. კომპანიებმა შექმნეს ჭკვიანი სისტემა, სახელწოდებით Lingyuan, რომელიც ავტომობილის სახურავში მაგრდება და სურვილისამებრ, დრონს უშვებს. სისტემა, რომელიც დრონისგან, მისი დასამუხტი სადგურისგან და დამატებითი აპლიკაციებისგან შედგება, ამ დროისთვის, მხოლოდ ჩინეთში არის ხელმისაწვდომი და მისი ფასი $2,200-ია.
მას შემდეგ, რაც მძღოლი ბორტკომპიუტერის ეკრანზე დრონის გაშვების ფუნქციონალს აირჩევს, ავტომობილის სახურავი გაიხსნება, იქიდან კი დრონი ამოფრინდება, რომელიც საკუთარი მისიის შესრულების შემდეგ იმავე ადგილას, სპეციალურ დასაფრენ ზონაში დაეშვება. დრონი, რომელიც AI-ით იმართება, გაჩერებულ და 25 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავ ავტომობილზე მუშაობს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 54 კმ/სთ-ია, ხოლო დაბრუნება დრონს ორკილომეტრიან რადიუსში შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ დრონებით BYD-ში ამ დრომდეც ერთობოდნენ. პირველი ავტომობილი, რომელშიც BYD-მ დრონი ჩააინტეგრირა დიდი ზომის ყველგანმავალი U8 SUV იყო, მაგრამ მის შემთხვევაში სისტემა გაცილებით დიდი და მოუქნელი იყო, ვიდრე თანამედროვე ვარიანტი, რომელიც ჩინურმა კომპანიამ ახლა წარმოადგინა.
Huawei-მ Rolls-Royce-ის კონკურენტი შექმნა — როგორია Maextro S800?
ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები საავტომობილო ინდუსტრიის ათვისებას განაგრძობენ. ტენდენციას, რომელიც საშუალო და მცირე ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სმარტფონების მწარმოებელმა Xiaomi-მ დაიწყო, ამიერიდან, Huawei-იც შეუერთდა, რომელმაც კონკურენტებად, არც მეტი, არც ნაკლები Rolls-Royce Spectre-ი, Mercedes-Maybach EQS-ი და BMW i7 შეარჩია.
ვიზუალურად, Huawei Maextro S800 მისი პირდაპირი კონკურენტების ნაზავია. პროფილით, ჩინური ავტომობილი Rolls-Royce-ის Spectre-ის და Ghost-ის ნაზავს მოგვაგონებს, რომელსაც ის არც ზომებით ჩამორჩება. ორ ფერში გადაწყვეტილი კორპუსით და თვლების დიზაინით Maextro S800 გერმანული Maybach-ის ასლია, ხოლო ინტერიერში, ისევე, როგორც მაშუქებთან Rolls-Royce-ისთვის დამახასიათებელ ღამის ცას ვხვდებით.
Huawei-ის უახლესი პრემიული ელექტრომობილი ორი კომპლექტაციით გამოდის. სტანდარტულ Maextro S800-ში 635 კილოვატის ჯამური სიმძლავრის სამ ელექტრონულ მოტორს ვხვდებით, რომელთა დახმარებით მანქანა 852 ცხენის ძალას ავითარებს. Maextro S800-ის გაძლიერებული ვერსია ჰიბრიდულია, ხოლო ავტომობილში ორ მოტორს და 1.5 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავს ვხედავთ, რომელთა დახმარებით ავტომობილი 677 ცხენის ძალას ავითარებს.
Maextro S800 ორი ჩინური გიგანტის — Huawei-ის და JAC-ის ერთობლივი პროექტია. ავტომწარმოებელმა მანქანის შასი შექმნა, როცა Huawei-მ ტექნოლოგიებზე იზრუნა. ჩინეთის ბაზარზე მანქანა მაისიდან გამოჩნდება და მისი ფასი, სავარაუდოდ, $140,000-დან დაიწყება.
ID.2X - Volkswagen-ის ახალი ელექტრო SUV
გერმანული საავტომობილო გიგანტი Volkswagen-ი საკუთარი ელექტროფიცირებული სამოდელო რიგის გაძლიერებას, ახალი ელექტრო SUV, ID.2X-ით გეგმავს. სიახლე 2025 წლის სექტემბერში, მიუნხენში, IAA Mobility ავტოშოუზე გამოჩნდება. ID.2X პოპულარული T-Cross-ის ელექტრო ვერსია იქნება. მოდელი დაფუძნებულია MEB პლატფორმაზე და აღჭურვილია 223 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავით, რომელიც წინა წამყვან თვლებზე იმუშავებს. მომხმარებლებს შეეძლებათ 38 kWh ან 58 kWh ბატარეის არჩევა, სადაც დიდი მოცულობის ბატარეა ერთ დამუხტვაზე 450 კმ-მდე გადის.
სალონში მძღოლს დახვდება 12.9-ინჩიანი სენსორული ეკრანი და 10.9-ინჩიანი ციფრული დაფა. საბარგული, სავარაუდოდ, 490 ლიტრზე დიდი იქნება და დამატებით ექნება 50-ლიტრიანი ფარული სათავსო. Volkswagen-ის ახალი ელექტრო SUV, ID.2X, შესაძლოა გახდეს სერიოზული კონკურენტი Tesla-ს მოდელებისთვის. მისი ხელმისაწვდომი ფასი, რომელიც დაახლოებით £25,000 იქნება, და მაღალი ტექნიკური მახასიათებლები, როგორიცაა 223 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავა და 450 კმ-მდე სავალი მანძილი, მას მიმზიდველ არჩევანს ხდის მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ ხელმისაწვდომ და ეფექტურ ელექტრომობილს.