მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

C-ჰეპატიტის პროგრამა, რომლითაც ვამაყობთ, აშშ-ის საჩუქარი იყო - ექიმი

ჯაბა ზარქუა

"ქართულმა ოცნებამ ვერავის დაჯერება მოახერხა, რომ ეს კანონი რამეში გვჭირდება", - ამის შესახებ გასტროენტეროლოგმა, ჯავა ზარქუამ "რუსული კანონის" შეფასებისას განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, კანონი ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია.

ჯაბა ზარქუას მიაჩნია, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთებაზე ფიქრიც კი ზედმეტია და იხსენებს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირმა და აშშ-მ საქართველოს მოსახლეობას მოუტანა.

"C- ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა იყო ერთ-ერთი წამყვანი, რომლითაც ქართველი ერი ვამაყობთ და ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. რა იყო ეს პროგრამა? ვისი იყო ეს წამალი? ეს წამალი ამერიკული კომპანიის მიერ ნაჩუქარი იყო, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამ წამლის საბაზრო ღირებულება რამდენიმე ათეული ათასი დოლარი იყო. ასევე, ამ პროგრამის ფარგლებში ბევრი რამე ვიკვლიეთ. დასავლელი დონორების დახმარებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ვიკვლიეთ დაავადება როგორ არის გავრცელებული, საქართველოში როგორი ფორმებია, პაციენტებს კვლევები ჩაუტარდათ, წამლები მიეცათ. ეს ყველაფერი როგორ მოხდა? რუსული ფულით არ მომხდარა. ამ პროცესებში რუსული რაც იყო, იყო ის, რომ ლუგარის ცენტრი პანდემიას ავრცელებს და ატომურ იარაღს ქმნისო, ეს ჭორები იყო რუსული, დასავლეთი კი ლუგარს აშენებდა. ყველა დავზარალდებით [კანონის მიღებით]", - განაცხადა ექიმმა.

პოზიციას იზიარებს 300-მდე ექიმი და მეცნიერი. მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რითაც "ქართული ოცნების" "რუსული კანონი" გააპროტესტეს. ექიმები დარწმუნებული არიან, რომ კანონი უცხოელი პარტნიორების მხრიდან არაერთ კითხვას გააჩენს და მათთან თანამშრომლობას შეზღუდავს. ექიმების თქმით, სამომავლოდ მათ პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა გაუჭირდებათ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები