მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Camex Airlines ოპერირებას უახლოეს ხანში დაიწყებს - პირველი ბორტი უკვე თბილისშია

62c432dd181eb
BM.GE
05.07.22 20:00
6521
ახალი ქართული ავიაკომპანიის „კამექს ეარლაინსის“ პირველი ბორტი - Boeing737-800 BCF თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა უკვე მიიღო და ბორტმა პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც წარმატებით გაიარა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ბორტის მიღებით დასრულდა მნიშვნელოვანი ეტაპი ოპერირების დაწყების გზაზე.

„ქართულ ავიაბაზარზე ახალი გადამზიდავი კომპანიის გამოჩენა შესაძლებელი გახდა ამერიკული საფინანსო კორპორაცია Gazelle Finance -თან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად. დეტალური შესწავლის კვალდაკვალ, ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს ავიკომპანიის გუნდის შესაძლებლობები და პერსპექტივა და შედეგიც დადგა - პირველი ბორტი უკვე მივიღეთ. Gazelle Finance, ისევე როგორც ჩვენი გუნდი, დარწმუნებულია, რომ Camex Airlines დროის მოკლე მონაკვეთში მოახერხებს და საკუთარი სიტყვის თქმას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მულტიმოდალური სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარების საქმეში.

ყველა პროცესი გეგმის მიხედვით ვითარდება და 2022 წლის ბოლომდე „კამექს ეარლაინსი“ ბაზარზე უკვე 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი“, - ამის შესახებ საინვესტიოციო პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განაცხადა.

„მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ამ პროცესში მონაწილე ყველა სტრუქტურისა და ადამიანის დამსახურება. შედეგზე ორიენტირებამ, სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯების ერთობლიობამ და ცხადია, პირველ რიგში, საქმისადმი მაღალპროფესიულმა მიდგომამ მოიტანა დღევანდელი შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო პარტნიორების ჯგუფს Gazelle Finance -იდან, ასევე, ავიაციის სააგენტოსა და TAV URBAN GEORGIA -ს ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს იმ პარტნიორული და ჯანსაღი ურთიერთობისთვის, რაც თანამშრომლობის პროცესში ჩამოყალიბდა“, - ხაზი გაუსვა გიორგი სეთურიძემ.

მისი თქმით, პროცესი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზაც პირველი ბორტის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებით დასრულდა, ავიაკომპანიის სრულფასოვანი ოპერირების დაწყებისთვის ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს.

„ველით, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე კვირაში დასრულდება სერტიფიცირების პროცესი და პირველი კომერციული ფრენის შესრულებას უკვე აგვისტოს თვიდან შევძლებთ“, - აღნიშნა სეთურიძემ და დასძინა, რომ საბოლოო ჯამში, ამ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკას 100 მლნ ლარის მოცულობის აქტივი უკვე შეემატა, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150-ს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები