CAMPA მინის ბოთლების ხელახალი გამოყენების სისტემის დანერგვაზე მუშაობს. კომპანია საპილოტე პროექტის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
CAMPA ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც „თბილისის ცირკულარული ლაბორატორიის“ პროექტის ფარგლებში შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემის დანერგვისკენ ნაბიჯები უკვე გადადგა.
ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტს, რომელიც გლობალური ინიციატივის ნაწილია, ორგანიზაცია CENN გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს. სწორედ CENN-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით შეიძინა ნატურალური წვენების მწარმოებელმა კომპანიამ მაღალი წარმადობის ბოთლების სარეცხი აპარატი, რაც შეფუთვების ხელახალი გამოყენების და შესაბამისად, ნარჩენების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
როგორ ნერგავს კომპანია Reuse ანუ შეფუთვების ხელახალი გამოყენების სისტემას, რა უპირატესობები აქვს მას და როგორია სამომავლო გეგმები, ამ საკითხებზე BM.GE-ის CAMPA-ს პროექტის მენეჯერი, ანა ჩხეტია ესაუბრა.
როგორ მუშაობს CAMPA-ს შეფუთვების ხელახალი გამოყენების სისტემა?
სისტემა, რომელსაც CAMPA ავითარებს, მარტივი და პრაქტიკულია. ის რამდენიმე საფეხურს მოიცავს: პარტნიორები აგროვებენ ცარიელ ბოთლებს, შემდეგ CAMPA აგროვებს მათ, ვიბრუნებთ საწარმოში, სადაც ბოთლები ირეცხება ახალი მულტიფუნქციური დანადგარის მეშვეობით, სტერილიზდება და მზად ხდება ხელახალი გამოყენებისთვის.
კერძოდ, პირველ ეტაპზე, CAMPA აგროვებს მინის ბოთლებს იმ ადგილებიდან, სადაც პროდუქტი იყიდება — ეს შეიძლება იყოს კაფე, სასტუმრო, რითეილერი ან თბილისის აეროპორტი. ბოთლების შეგროვების შემდეგ ისინი ბრუნდება CAMPA-ს საწარმოში, სადაც ხორციელდება მთავარი პროცესები. ამ პროცესის განხორციელება გახდა შესაძლებელი CENN-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით — მათი გრანტის მეშვეობით CAMPA-მ შეიძინა მაღალი წარმადობის ბოთლების სარეცხი აპარატი. მისი მონტაჟი უკვე დაგეგმილია და ძალიან მალე ის დაიწყებს ფუნქციონირებას. აღნიშნული აპარატი უზრუნველყოფს ბოთლების საფუძვლიან გარეცხვას და სტერილიზაციას, რაც უსაფრთხოებისა და ჰიგიენის უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. ბოთლები გადის დამატებით ხარისხის კონტროლის ეტაპს, რომელიც მოიცავს ვიზუალურ ინსპექტირებას, დაზიანების გამოვლენას და საჭიროების შემთხვევაში ბოთლის გადარჩევას. მხოლოდ ის ბოთლები, რომლებიც აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს, გადადის ხელახალი გამოყენების ეტაპზე. ამის შემდეგ სუფთა ბოთლები მზად არის ხელახალი გამოყენებისთვის — მათში ისხმება ახალი პროდუქცია და ბრუნდება გაყიდვაში. მომხმარებელი ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება სწორედ მომხმარებლის აქტიურ მონაწილეობაზეა დამოკიდებული სისტემის წარმატება. CAMPA კი უზრუნველყოფს, რომ თითოეული დაბრუნებული ბოთლი უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოიყენებოდეს ხელახლა.
რატომ არის B2B reuse მიდგომა მომგებიანი ბიზნესებისთვის, როგორია სასტუმროებთან, კაფეებთან, რითეილერებთან თანამშრომლობის პრაქტიკული მხარე?
განსაკუთრებით ეფექტურია B2B — ანუ ბიზნესი ბიზნესისთვის — მიდგომა, სადაც CAMPA კაფეებს, სასტუმროებსა და სხვა ობიექტებს აწვდის სასმელს მინის ბოთლში. ასეთი თანამშრომლობა ამცირებს ხარჯებს, აძლიერებს ეკოიმიჯს. B2B მოდელის მეშვეობით შეგვიძლია უზრუნველვყოთ ბოთლების ადგილზევე შენახვა და დასაწყობება, რაც გაზრდის ბოთლების მაქსიმალური რაოდენობით დაბრუნებას და შესაბამისად, ზრდის სისტემის ეფექტიანობას. გარდა ამისა, მომხმარებლებიც უფრო მეტად ენდობიან ბრენდებს, რომლებსაც მსგავსი მიდგომა აქვთ.
რა უპირატესობები აქვს Reuse სისტემას რეციკლირებისგან განსხვავებით?
ეს ბევრად უფრო ეკომეგობრული და ენერგოეფექტურია, ვიდრე გადამუშავება, რომელიც მოითხოვს მინის დნობას და ხელახლა წარმოებას. Reuse სისტემა ბოთლს საშუალებას აძლევს, 5-10-ჯერ იმოძრაოს წრეში, რაც ამცირებს და ზოგავს რესურსს.
რატომ არის ეს ინიციატივა ინოვაციური საქართველოს კონტექსტში, როგორ მოქმედებს ბრენდის იმიჯსა და მდგრადობას?
CAMPA ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, ვინც ამ მიდგომის დანერგვაზე მუშაობს. აქამდე მსგავსი პროექტი მხოლოდ მცირე მასშტაბით არსებობდა. ჩვენი ინიციატივა პასუხობს ცირკულარული ეკონომიკის გლობალურ ტენდენციებს და საქართველოში ქმნის სრულიად ახალ სტანდარტს. CAMPA-სთვის Reuse არა მხოლოდ გარემოს დაცვაა, არამედ შესაძლებლობაა – გავაძლიეროთ ჩვენი ბრენდის სანდოობა, დავზოგოთ რესურსები და ვაჩვენოთ, რომ საქართველო მზად არის ინოვაციური ეკოსისტემისთვის.
როგორია CAMPA-ს სამომავლო გეგმები და მოლოდინები Reuse სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით?
ვგეგმავთ ეტაპობრივად დავნერგოთ და გავაფართოოთ ბოთლების შეგროვების სისტემა. პირველ ეტაპზე ვაპირებთ ბოთლების შეგროვება და ჩაბარება ჩვენი ბიზნესპარტნიორების ჩართულობით შევძლოთ. ისინი მზად არიან ჩვენთან თანამშრომლობისთვის, რაც ბოთლების შეგროვებას გულისხმობს.
მოგვიანებით, პროექტის წარმატებით იმპლემენტაციის შემდეგ, პირდაპირ მომხმარებლისგანაც ვაპირებთ მინის ტარის დაბრუნებას. შუშის ბოთლის დაბრუნების სისტემის შესაქმნელად, ვგეგმავთ ისეთი პროცესის დანერგვას, რომელიც მომხმარებლებისთვის მარტივი და ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენი, როგორც ეკოლოგიურად პასუხისმგებელი კომპანიის მიზანია, რესურსების ეფექტურად გამოყენება და გარემოზე ზრუნვა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პროექტს დადებითი გამოხმაურება მოჰყვება.
საქართველოში ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვისა და რესურსების მდგრადი მოხმარების კულტურის წახალისების მიზნით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროექტის – „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ – ფარგლებში, CENN ICLEI Europe-თან თანამშრომლობით აგრძელებს მუშაობას აღნიშნული მიმართულებებით. პროექტის მიზანია საქართველოში კლიმატ-მედეგობის გაძლიერება და სამართლიანი გარდაქმნის პროცესის მხარდაჭერა ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის გზით. გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ აქ.
სტატია მომზადებულია პროექტის, „თბილისის ცირკულარული ლაბორატორია“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტს. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) CENN-თან თანამშრომლობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით.




























