მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CAREC-ის ქვეყნები ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმებაზე შევთანხმდით - გენადი არველაძე

კარეკი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების (CARTIF) თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერა ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკში CAREC-ის რიგით 24-ე მინისტრთა კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

უწყების ცნობით, დეკლარაციის მიზანია თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებული საპარტნიორო შეთანხმების გაფორმება, რომელიც ხელს შეუწყობს CAREC-ის რეგიონში საქონლით და მომსახურებით ვაჭრობას, შეამცირებს არა-სატარიფო ბარიერებს და წაახალისებს ციფრული ვაჭრობის განვითარებას.

დეკლარაციით ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების შესახებ (CARTIF) მოლაპარაკებების დაწყება 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმება წარმოადგენს, რათა საქართველოს წარმოებული პროდუქცია და მომსახურება რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში პრეფერენციული რეჟიმით შევიდეს. CAREC-ის ქვეყნებიდან მხოლოდ ნაწილთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამდენად, CARTIF-ის ფორმატში თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართველ მწარმოებლებს, პროდუქცია პრეფერენციული რეჟიმით მეტ ქვეყანაში გაიტანონ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის შეფასებით, CARTIF-ის მიზანია გაამარტივოს ვაჭრობა წევრ ქვეყნებს შორის, მოიზიდოს ინვესტიციები და შექმნას უფრო კონკურენტუნარიანი ბაზარი.

როგორც ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება, მინისტრთა კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაფორმდა მემორანდუმი CAREC-ის რეგიონული ტურიზმის განვითარების შესახებ, რომლის მიზანია რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება და CAREC-ის რეგიონის პოზიციონირება როგორც ერთიანი, მაღალი ღირებულების ტურისტული მიმართულება.

CAREC-ის მინისტრთა კონფერენცია ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც იკრიბებიან პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების მაღალი დონის წარმომადგენლები სტრატეგიული გეგმებისა და სამოქმედო პროგრამების დასამტკიცებლად, სხვადასხვა ინიციატივების და პროექტების დაფინანსების მექანიზმებისა და სხვა მნიშვნელოვანი თემატური საკითხების განსახილველად.

CAREC არის ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა 1997 წელს შექმნა და რომელიც ხელს უწყობს ცენტრალური აზიის და მის მიმდებარედ მდებარე რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას. მას 11 წევრი ქვეყანა ჰყავს, მათ შორისაა საქართველო, ასევე აზერბაიჯანი, ჩინეთი, ავღანეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები