მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CAREC-ის ქვეყნებს 2030 წლამდე ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად $1 ტრილიონი დასჭირდებათ - ADB-ის პრეზიდენტი

adb

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ დღეს თბილისში გამართულ აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მინისტერიალზე რეგიონის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ADB თითოეული ამ პრობლემისთვის მომავალ წლებში სოლიდურ დაფინანსებას გამოყოფს.

“რეგიონი განვითარებისთვის გადაუდებელი გამოწვევების წინაშე დგას, რომლებსაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაჭრის მარტო. გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მიწოდების ჯაჭვის ცვალებადობის გამო გაურკვევლობის წინაშე ვდგავართ. შედეგად, ენერგიასა და სურსათის უვნებლობას საფრთხე ექმნება.

ამასთანავე, იცვლება სატრანსპორტო და სავაჭრო გზები. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ეკონომიკურ აქტივობებს და, საერთოდ, არსებობას”, - აცხადებს ADB-ის პრეზიდენტი.

ასაკავამ CAREC-ის ქვეყნების ხელშეწყობაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებიდან ორი მთავარი მიმართულება გამოყო.

“ADB-ის მხარდაჭერა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკის თანამშრომლობის პროგრამისადმი ურყევია. ჩვენი თანამშრომლობის გასაძლიერებლად დღის წესრიგიდან ორ საკითხს გამოვყოფდი: პირველი ჩვენი ძალისხმევის აქცენტებია და მათი მნიშვნელობა ისეთ სფეროებში, რომლებიც კლიმატის კრიზისის დაძლევისთვის გადამწყვეტია: ენერგეტიკული სისტემების გარდაქმნა, დეკარბონიზაცია, კლიმატის ცვლილებებზე გათვლილი ინფრასტრუქტურა და პოლიტიკა, კატასტროფებისადმი მედეგობა, ინსტიტუციური შესაძლებლობები და კოორდინაცია.

მეორე ფინანსური დანაკლისების ამოვსების მნიშვნელობის საკითხია - ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ქვეყნებს 2030 წლამდე 1 ტრილიონ დოლარზე მეტი დასჭირდებათ ინფრასტრუქტურის სექტორში მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და რეგიონის მრავალმხრივ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. ყოველივე ეს ინოვაციურ მიდგომებს, კერძო სექტორიდან კაპიტალის მობილიზებასა და მაღალი ხარისხის ინვესტიციების განხორციელებას მოითხოვს”, - აღნიშნავს ADB-ის პრეზიდენტი და დასძენს, რომ ფინანსური ინსტიტუტი რეალური პროგრესის მიღწევას შესაბამისი ინიციატივებით გეგმავს.

მასაცუგუ ასაკავა იმასაც აღნიშნავს, რომ 2019-2030 წლებში ADB კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად 100 მილიარდ დოლარსაც გამოყოფს, საიდანაც, ბოლო მონაცემებით, 21 მილიარდი უკვე დახარჯულია, მათ შორის 6.5 მილიარდი სწორედ CAREC-ის ქვეყნებისთვის.

აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამაში 11 ქვეყანაა გაწევრიანებული. ესენია: საქართველო, ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები