"ექსპო ჯორჯიაში" სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა, Caucasus Build 2026 გაიხსნა. გამოფენა, რომელსაც 30-წლიანი ისტორია აქვს, წელს უპრეცედენტო მასშტაბით ტარდება და მასში წარმოდგენილი კომპანიების დიდი ნაწილი ღონისძიებაში პირველად მონაწილეობს. გამოფენის მნიშვნელობასა და მთავარ სიახლეებზე "ექსპო ჯორჯიას" დირექტორმა, რესან ქიქავამ "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.
"წლევანდელი ღონისძიება გამორჩეულია იმით, რომ გამოფენა 10 000 კვადრატულ მეტრზე, ანუ ერთ ჰექტარზეა გაშლილი, რაც, პრინციპში, უპრეცედენტოა. ძალიან სასიხარულოა, რომ მონაწილეთა 60% ახალი კომპანიაა, რომლებსაც ჩვენს გამოფენაში მონაწილეობა აქამდე არ მიუღიათ. ეს ფაქტი პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის დამთვალიერებლებისთვის - როგორც ბიზნესის კუთხით, ისე სამომხმარებლო დონეზე.
ვფიქრობთ, "ექსპოს" გუნდმა წელსაც შეძლო, რომ ერთ სივრცეში თავი ინდუსტრიის ყველა ძირითადი მოთამაშისთვის მოეყარა. ის 40%-იც, რომელიც ჩვენი ტრადიციული მონაწილეა, ცხადია, ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი. გამოვყოფდი სამ ქვეყანას: ჩინეთს, პოლონეთსა და თურქეთს, რომლებსაც რეკორდული რაოდენობის მონაწილეები ჰყავთ. მათი რიცხვი მზარდია, რაც ბუნებრივია იმაზე მეტყველებს, რომ ამ სფეროსა და ინდუსტრიის მიმართ ინტერესი იზრდება", - აღნიშნავს რესან ქიქავა.
როგორც "ექსპო ჯორჯიას" დირექტორი განმარტავს, მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანი მონაწილეებისა და ვიზიტორებისთვის ხელშესახები შედეგების მოტანაა.
"ასეთი ტიპის პროექტის შექმნისას ჩვენთვის ყოველთვის მთავარია, თუ რა შედეგი მოაქვს მას მონაწილე კომპანიებისა და ვიზიტორებისთვის. ის უკუკავშირი, რომელსაც წლიდან წლამდე ორივე მხრიდან ვიღებთ და ის წარმატების ისტორიები, რომლებსაც ჩვენი გამოფენების შედეგად ვისმენთ, სწორედ ეს გვაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. ძალიან მიხარია, რომ წელსაც და ზოგადად, ყოველწლიურად, Caucasus Build-ი, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ტარდება, რეგიონში მნიშვნელოვან ბრენდად ჩამოყალიბდა - ის უკვე აღარ არის მხოლოდ ქართული ბრენდი.
ვფიქრობთ, მომავალ წლებშიც, პროექტის წარმატება ყველა დაინტერესებული მხარის, ჩვენი პარტნიორების, მონაწილეებისა და თანამეზიარეების ერთობლივ ძალისხმევაზე იქნება დამოკიდებული", - აცხადებს ქიქავა.
მისივე თქმით, გამოფენის წარმატების საზომი არა მხოლოდ უშუალოდ ღონისძიების პროცესში დადებული გარიგებები, არამედ კომპანიებს შორის გრძელვადიანი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბება და მონაწილეთა კმაყოფილებაა.
"ჩვენ ვაწყობთ ღონისძიებებს, სადაც კომპანიებს არაფორმალურ რეჟიმში შეუძლიათ ურთიერთობა. თუ რამდენად კმაყოფილი სახეები ექნებათ მათ ამ გარემოში, ეს იქნება ჩვენი მთავარი საზომი. ხშირად გარიგებები უშუალოდ გამოფენის პროცესში იდება, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ახლავს გამოფენას თან - მომდევნო თვეების განმავლობაში რა ურთიერთობები ჩამოყალიბდება კომპანიებს შორის, რისი გაზომვაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, მიღებული უკუკავშირის საფუძველზე ხდება. კონკრეტულად გამოფენის დღეები რამდენად საინტერესო იყო, ეს მონაწილეების ღიმილიან და კმაყოფილ სახეებზე აისახება, რაც პრინციპში, ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს", - დასძენს რესან ქიქავა.
სამშენებლო სექტორის წლის მთავარი ღონისძიება Caucasus Build 17 აპრილს გაიხსნა და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენა დამთვალიერებლებისთვის ღია 11:00–18:00 საათამდე იქნება.
დამთვალიერებლებს დახვდებათ პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მათ შორის: სამშენებლო და სარემონტო მასალები, სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები, ელექტრო და საინჟინრო სისტემები და სხვა უამრავი ინოვაციური პროდუქტი.




























