ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებზე 358 782 ამომრჩეველი მივიდა, შესაბამისად, აქტივობამ 17,2% შეადგინა.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა ლეჩხუმში - 24,6%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა - მცხეთა-მთიანეთში - 13,2%.
"აქვე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებით - კენჭისყრის პროცედურები გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმდინარეობს დილის 09:00 სთ-იდან 19:00 სთ-მდე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა", - განაცხადა იოსელიანმა.
ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას სავარაუდო დარღვევებსა და ხარვეზებზე:
"ბათუმში, მე-9 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ სხვა წევრების მისვლამდე დაიწყო პროცედურები, გადათვალა ბიულეტენები, კომისიის წევრების მისვლის შემდეგაც გადაითვალა დოკუმენტაცია და სწორი იყო, დაიწერა საჩივარი.
რაც შეეხება ზუგდიდს, ახალსოფლის 36-ე უბანს, გავრცელებული ინფორმაცია რომ უბანი არ გაიხსნა დროულად არასწორია, უბანი გაიხსნა და ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვაკის მეოთხე საარჩევნო უბანზე კაბინის უკანა მხრიდან ამომრჩეველს უყურებენ, აღვნიშნავთ, რომ ამ უბანზე კენჭისყრა კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს და ფარულობის პრინციპი დარღვეული არ არის.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის 96-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სადეზინფექციო ხსნარის მეშვეობით მარკირების მოშორების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარიც დაიწერა. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ გადაამოწმა ინფორმაცია, რაც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება.
დუისის 26-ე საარჩევნო უბანზე დადასტურდა, რომ ამომრჩეველმა შეცდომით წარადგინა მისი ოჯახის წევრის პირადობის მოწმობა; განვმარტავთ, რომ იდენტიფიცირების პროცედურის გავლის შედეგად აღნიშნული ამომრჩეველი სხვისი პირადობით ვერანაირად ვერ მიიღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას.
ზუგდიდის მეათე საარჩევნო უბნიდან გააძევეს 2 დამკვირვებელი, ვინაიდან, თავმჯდომარის განცხადებით ისინი ერეოდნენ კომისიის წევრების ფუნქციებში და აფერხებდნენ ამომრჩევლების გადაადგილებას.
ქუთაისის მე-17 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს საკუთარი ნების დაფიქსირების უფლება არ მისცეს, ვინაიდან ის გალხდათ მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარი და პანსიონის ხელმძღვანელის მოთხოვნით იყო გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში; შესაბამისად, მას აქვს უფლება არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმა.
რაც შეეხება ვაკის მესამოცე საარჩევნო უბანს და გადასატანი საარჩევნო ყუთის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, - გადასატანი ყუთის საარჩევნო სიის შედგენა საუბნო საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა; აღნიშნულ უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში 19 ამომრჩეველი ფიქსირდება, მათ შორის 14 არიან პირები, რომელთაც პირველ ტურშიც მონაწილეობა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს და მეორე ტურისთვის მათ, კიდევ 5 ამორმჩეველი დაემატა.
ნაძალადევის 42-ე და მეასე საარჩევნო უბნები არის ერთ შენობაში განთავსებული და ორივე უბნის სიებში ფიქსირდება ერთი და იგივე სახელისა და გვარის მქონე პირი, რომლებიც სხვადასხვა პიროვნებები არიან. მათ აქვთ სხვადასხვა პირადი ნომერი, შესაბამისად ინფორმაცია ერთი და იგივე ამომრჩეველი ორი საარჩევნო უბნის სიაში იმყოფება, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.




























