მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიასთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულებები მოიწონა.
15 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე წარდგენილი პროექტებიდან 1 მზის, 2 ქარის და 7 ჰიდროელექტროსადგურია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 165 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ინვესტიცია 225 მლნ დოლარს აღწევს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული სხვა კომპანიების ენერგეტიკული პროექტები და მათთან დასადები ხელშეკრულებები საქართველოს მთავრობას ეტაპობრივად წარედგინება.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა. სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.
"აუქციონის შედეგები ადასტურებს, რომ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რაც საბოლოოდ ენერგოსექტორში ორ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის",- აცხადებენ სამინისტროში.