განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი, რომელიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, დასრულდა და აუქციონის კომისიის სხდომაზე დახურულ კონვერტებში წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა და მათი შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სულ სამინისტროში 146 წინადადება შევიდა, რაც პირველი აუქციონის დროს წარმოდგენილ განაცხადებზე თითქმის ორჯერ მეტია. საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
„დღეს სიმძლავრის აუქციონის კომისია შევიკრიბეთ რათა პირველ რიგში განვიხილოთ მედიანური ტარიფი და გავეცნოთ კერძო სექტორის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს. ჯამურად წარმოდგენილია 146 დახურული კონვერტი და ჩვენი მიზანია ვიხელმძღვანელოთ სიმძლავრის აუქციონის წესებითა და მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც სიმძლავრის აუქციონის კომისია მედიანურ ტარიფს დაადგენს, შემდგომში გამარჯვებული კომპანიების გამოვლების მიზნით პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა
აღსანიშნავია, რომ განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის მეორე აუქციონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადდა. შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.
ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამჯერად აუქციონზე გამოტანილია ე.წ. მარეგულირებელი ჰიდროსადგურებიც, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაზრდას, ასევე მზისა და ქარის სადგურები ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით, რაც დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარანტიაა.
პირველ აუქციონში, რომელიც გამოცხადებული იყო 300 მგვტ. სიმძლავრეზე, 78 განაცხადი შევიდა, ჯამურად 900 მგვტ-ზე მეტ სიმძლავრეზე. მასში გამარჯვებულად 24 კომპანია გამოვლინდა.
მხოლოდ ამ 300 მგვტ-ში 400 მლნ დოლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული. სიმძლავრის მეორე აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ.-ს შეადგენს. აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდგომ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.; ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.