მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაანაცვლებს თუ არა AI ადამიანებს – რას ფიქრობს NVIDIA-ს დამფუძნებელი?

ჰუანგი

NVIDIA-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი ხელოვნურ ინტელექტს განიხილავს არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც ახალ ინდუსტრიულ რევოლუციას, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამუშაოსთან და საქმის კეთებასთან.

მისი პოზიცია ცალსახაა: AI-ის გამო ყველას სამუშაო შეიცვლება და მასთან ადაპტირება უკლებლივ ყველას მოუწევს. ჰუანგი აღიარებს, რომ ზოგიერთი პროფესია მართლაც გაქრება, თუმცა ის ამას ისტორიულ კონტექსტში განიხილავს. მისი თქმით, ყველა ინდუსტრიული რევოლუციის დროს გარკვეული სამუშაო ადგილები გაქრა, მაგრამ მათ ნაცვლად უფრო მეტი და სრულიად ახალი შესაძლებლობები გაჩნდა.

ჰუანგის აზრით, AI-ის მთავარი ფუნქციაა არა ადამიანის სრული ჩანაცვლება, არამედ კონკრეტული დავალებების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა. მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტი შეასრულებს რუტინულ საქმეებს, როგორიცაა: ცხრილების მართვა და მონაცემების დამუშავება, რაც ადამიანს საშუალებას მისცემს, უფრო შემოქმედებით და შინაარსიან ამოცანებზე გადაერთოს. ის მიიჩნევს, რომ ადამიანის შრომა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნიკური დავალებების შესრულება და როდესაც რუტინა ავტომატიზებული იქნება, ამით ადამიანური შრომის ღირებულება მხოლოდ გაიზრდება.

TIME-თან ინტერვიუში ჰუანგმა გააჟღერა მნიშვნელოვანი გაფრთხილება იმის შესახებაც, რომ ადამიანები სამუშაოს დაკარგავენ არა უშუალოდ AI-სთან, არამედ იმ ადამიანთან კონკურენციაში, რომელიც AI-ს უფრო ეფექტურად იყენებს. ჰუანგი ყველას მოუწოდებს, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად AI-ს აქტიური მომხმარებლები გახდნენ და ფეხი აუბან ტექნოლოგიურ რევოლუციას.

“AI სამუშაოს უფრო ეფექტურს გახდის. ჩვენი საქმე ხომ მხოლოდ ცხრილების შევსება არ არის? მჯერა, რომ AI გაზრდის პროდუქტიულობას და შემოსავლებს, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. გლობალური ეკონომიკა არ არის შეზღუდული 100 ტრილიონი დოლარით, AI-მ შეიძლება ის 500 ტრილიონამდე აიყვანოს და მეტი ადამიანი ჩართოს ეკონომიკაში. ცხადია, ზოგიერთი პროფესია გაქრება, როგორც ყველა ინდუსტრიული რევოლუციისას, მაგრამ შეიქმნება უამრავი ახალიც. მთავარია, ყველამ ისწავლოს AI-ის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაოს დაკარგავთ იმ ადამიანთან კონკურენციაში, რომელიც AI-ს თქვენზე უკეთესად იყენებს”. – ამბობს პლანეტის უმსხვილესი კომპანიის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები