მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციის ₾30 მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა - როდის განახლდება სამუშაოები?

ვერის პარკი

ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციაზე კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენთან" გაფორმებული 29.7 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება შეწყდა. როგორც BMG-ს პროექტის განმახორციელებელ თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს, მიზეზი გეგმა-გრაფიკის დარღვევა და უხარისხოდ ნაწარმოები სამუშაოები გახდა.

"ფონდის მიერ არაერთხელ იყო მიწოდებული ინფორმაცია კომპანიაზე [ბრიტანია ქონსთრაქშენი], როგორც ვადების კონტროლი მოხდა, ასევე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებაზე. რამდენიმეჯერ მოხდა დაჯარიმება ამ კომპანიის, თუმცა საბოლოო ჯამში ხელშეკრულების შეწყვეტამდე მიგვიყვანა დარღვევებმა",- აცხადებენ ფონდში.

საქმე ისაა, რომ თბილისში, კოსტავას N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წელს დაიწყო და როგორც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებდა, ორ ეტაპად განხორციელების შემდეგ, 2026 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, როგორც BMG-ს თბილისის განვითარების ფონდში უთხრეს, კომპანიის მხრიდან დარღვევების გამო ფონდმა ხელშეკრულება 2025 წლის აგვისტოში შეწყვიტა და შესაბამისად, ამის შემდეგ სამუშაოები შეჩერებულია.

რეაბილიტაციის განახლება წელს იგეგმება. 8 აპრილს ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდმა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 6 მაისს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 10 274 197 ლარია.

როგორც ფონდში ჩვენთან განმარტეს, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 2 წლის ვადაში უნდა დასრულდეს. ამასთან, როგორც ირკვევა, საუბარია კვლავ რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებზე, რაც მოიცავს სახურავისა და ფასადის აღდგენას. მეორე ეტაპზე კი შიდა ინტერიერის რეაბილიტაცია-რესტავრაცია უნდა მოხდეს.

აღნიშნული შენობა 2019 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

რაც შეეხება კომპანიას, რომელიც პროექტზე მუშაობდა, სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, უცხოური საწარმოს ფილიალის "ბრიტანია ქონსთრაქშენის" დირექტორი მაია ნოზაძეა, დამფუძნებელი კი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Geo Sky Construction Limited/დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო/.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები