საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია საექსპორტო მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფოს მხარდაჭერის საჭიროებაზე საუბრობს.
ასოციაციის პრეზიდენტმა, თენგიზ სვანიძემ "ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართული ჩაის პოპულარობა ადგილობრივ ბაზარზე მზარდია, თუმცა გამოწვევებია ექსპორტში.
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა, თუმცა, გარკვეული გამოწვევები კვლავ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ჩაი ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და დღეს ბაზრის 25% იკავებს, ექსპორტის მიმართულებით გარკვეული პრობლემები გვაქვს, სადაც სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი მხარდაჭერა გვჭირდება“, - აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ამ ეტაპზე, 2,050 ჰა ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული, რაც დარგისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
თავის მხრივ, დავით სონღულაშვილმა არსებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდა დამატებითი ჩართულობა, სამინისტრო მზადაა მხარდაჭერისთვის.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან 2,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1690 ტონა ჩაის ექსპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი გაზრდილია 2023 წელთან შედარებით (2,2 მლნ აშშ დოლარი, 1522 ტონა), ხოლო შემცირებული 2022 წელთან შედარებით (4,3 მლნ აშშ დოლარი, 2229 ტონა). უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: თურქეთი, მონღოლეთი, ყაზახეთი და რუსეთი.
2025 წლის ორ თვეში კი 275 ტონა 563 830 დოლარის პროდუქტი გავიდა ექსპორტზე, რაც მეტია 2024 წლის იანვარ-თებერვალში გაყიდულ 262 ტონა, 383 290 დოლარის პროდუქტზე.