ბრიტანეთში სუპერმარკეტების ინდუსტრია მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ წითელ ზღვაში შეფერხებული გადაზიდვების გამო, ბრიტანეთი ჩაის, ერისათვის საყვარელი სასმლის, მარაგების შემცირების რისკის წინაშე დგება.
“ბრიტანეთის რითეილ კონსორციუმის” ინფორმაციით, დროებითი შეფერხება ფიქსირდება ზოგიერთი ტიპის შავი ჩაის მიწოდებაში. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ორი უმსხვილესი სუპერმარკეტის ვებგვერდებზე ჩაის მარაგი კვლავ ფიქსირდება, თუმცა სხვადასხვა კომპანია ირწმუნება, რომ წითელ ზღვაში გადაზიდვების შეფერხების გახანგრძლივების შემთხვევაში, ჩაის მომხმარებლები ევროპის მასშტაბით ყველა თაროს დააცარიელებენ.
ბუნებრივია, ჩაი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლის ტრანსპორტირებაც წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენების გამო ფერხდება. ამავე მიზეზით გაფრთხილებებს ავრცელებენ ტანსაცმლით მოვაჭრეები, რომელთა ცნობითაც, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობა შენელებულია.
ბრიტანეთი ჩაის მსოფლიოს რიგით მეხუთე უმსხვილესი იმპორტიორია, რომლისთვისაც მთავარი სავაჭრო ბაზრები კენია და ინდოეთია. შესაბამისად, ბრიტანეთი წითელი ზღვის მარშრუტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. გადაუმუშავებელი ჩაი ქვეყანაში სხვადასხვა პროცესს გადის, რის შემდეგაც დაფასოებული პროდუქტი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება, რითაც ბრიტანეთი ჩაის რიგით მეათე უმსხვილესი ექსპორტიორია.
რითეილ კონსორციუმის დირექტორი აღნიშნავს, რომ შეფერხება დროებითია და ჩაის მომხმარებელზე მისი გავლენა ძალიან მინიმალური იქნება, თუმცა ინდუსტრია ამგვარი დეფიციტისთვის მზად არ ყოფილა. ექსპორტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ინსტიტუტის დირექტორი კი ამბობს, რომ ჩაი შესაძლოა პირველი პროდუქტი აღმოჩნდეს იმ მრავალფეროვან ჩამონათვალში, რომლებიც მომარაგების ჯაჭვის კრიზისით დაზარალდებიან.
წითელი ზღვის ალტერნატივად სამხრეთ აფრიკის შემოვლითი მარშრუტი განიხილება, რომელიც ტრადიციულ გზასთან შედარებით, მიწოდების დროს 10-14 დღით ზრდის.
შეგახსენებთ, რომ ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, წითელ ზღვაში გახშირდა იემენელი დაჯგუფება “ჰუსიტების” გემებზე თავდასხმები, რაც ამ გზის გავლით ტვირთის ტრანსპორტირებას აფერხებს.