თბილისში მიმდინარე დაძაბულმა მოვლენებმა გავლენა ტურიზმის ინდუსტრიაზე, კონკრეტულად კი საქმიან ტურიზმზე უკვე იქონია. ქართული ოცნების ხელმეორე მცდელობას, მიიღოს რუსული კანონი და ამის შედეგად განვითარებული მოვლენები იმის წინაპირობა გახდა, რომ არაერთმა უცხოურმა ჯგუფმა როგორც ფრენებზე ჯავშნები, ისე დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს ან უკეთეს შემთხვევაში გაურკვეველი პერიოდით გადაავადეს.
როგორც კომპანია BTL Georgia-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, მაია ბიბილაური განმარტავს, საქმიანი ტურიზმის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტებით ხასიათდება და შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური დესტაბილიზაცია მასზე მყისიერად აისახება. განსაკუთრებით ეს მთავარ სამიზნე, ევროპის ბაზრებს ეხება.
"BTL-ის, ისევე როგორც მთელი საქართველოს გზა არის ევროპისკენ და ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპული ბაზრები მაქსიმალურად მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, მათ უჩნდებათ შიში აქ ჩამოსვლის. უკვე სახეზეა ჯავშნების გადავადებები და გაუქმებები, რადგან დესტაბილიზაცია უპირველესად არტყამს ტურიზმს", - ამბობს BTL Georgia-ს დამფუძნებელი.
მაია ბიბილაურის თქმით, MICE ტურიზმისთვის 2023 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო და ასეთივე სტარტი ჰქონდა 2024-საც. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებიდან წამოსული ჯავშნების საკმაოდ მზარდი დინამიკაც შეინიშნებოდა, თუმცა, მისივე თქმით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ეს ყველაფერი შეჩერდა.
"ჩვენ ძალიან დიდი რესურსში ჩავდეთ იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ევროპული ბაზარი ავითვისოთ. ეს პროგნოზები ძალიან ოპტიმისტური იყო, კორელაციაში შემოვიდნენ ჩვენთან და სამწუხაროა, რომ ამ მდგომარეობამ ეს დაწყებული საქმე ჩააგდო.
საქმიანი ტურიზმის შემთხვევაში ტურისტი არის საერთაშორისო ორგანიზაციები, კორპორაციები, ეს არ არის ინდივიდები და თუ ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ჩვენ ვართ არასტაბილური და პოლიტიკურად ავტორიტარული ქვეყანა, ეს ჩამოყალიბებული სტიგმა დაანგრევს ქართული ტურიზმის მომავალს. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ", - აღნიშნავს BTL Georgia-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით 418,800 ათასი უცხოელი იმყოფებოდა, ეს მაშინ, როდესაც, პანდემიამდე, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 831,600 ათასს შეადგენდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქმიანი ტურიზმი 34%-ით არის გაზრდილი.