საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩაქვის ძალოსნობის ბაზა გახსნა, რომელიც 2.6 წლის წინ უნდა გახსნილიყო.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბაზისთვის აშენდა ახალი სამსართულიანი შენობა, რომელიც უზრუნველყოფილია ყველა სახის ინფრასტრუქტურით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ბიუჯეტი - 4 794 361 ლარია.
პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს 180 მაყურებელზე გათვლილ საშეჯიბრო და სავარჯიშო დარბაზებს. მეორე და მესამე სართულებზე გათვალისწინებულია საოფისე, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ნომრები ჩამოსული სპორტსმენებისთვის.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბაზის მშენებლობა 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა არ დასრულდა და ვადამ 2022 წლის გაზაფხულისთვის გადაიწია. უკვე გაზაფხულზე შენობა 2022 წლის 4 აპრილს იმჟამინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა და თქვა, რომ მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდებოდა.
BM.GE აჭარის მთავრობაში შეეცადა გაერკვია, რატომ გაჭიანურდა დროში ბაზის მშენებლობა, თუმცა უწყებამ აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში გადაგვამისამართა, სადაც ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.