„მოსავლის მართვის კომპანია" 2026 წლის რთვლისთვის დამატებით 237 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. სახელმწიფო კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს 21 ოქტომბერს მიმართა.
ეს თანხა იმ ჭარბი ყურძნის შესასყიდად და გადასამუშავებლად არის საჭირო, რომელსაც კერძო კომპანიები ვერ იყიდიან. 237 მლნ ლარი კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის რეგიონებში დაიხარჯება.
კომპანიის განმარტებით, ტენდერის ჩატარება პროცესს შეაფერხებს:
- წინასწარ შეუძლებელია იმის ცოდნა, ზუსტად რამდენი ყურძენი დარჩება გაუყიდავი. შესაბამისად, წინასწარ ვერც იმის დათვლა ხერხდება, რამდენი ტარა, სათადარიგო ნაწილი, ტრანსპორტირება თუ სხვა მომსახურება გახდება საჭირო;
- ყურძნის გამყიდველები ჩვეულებრივი ფერმერები და მევენახეები არიან, რომლებიც ელექტრონულ სატენდერო სისტემაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ;
- ყურძნის მიღებისა და გადამუშავებისთვის კომპანიას კახეთის 8 რაიონსა და რაჭა-ლეჩხუმში 25-30 ქარხნის დაქირავება სჭირდება, რომელთაც ადგილზე სხვა ალტერნატივა არ აქვთ;
"ვინაიდან მოცემული ღონისძიების ფარგლებში მთავარი შესყიდვის ობიექტი არის ყურძენი და შესყიდული ყურძნის რაოდენობაზეა დამოკიდებული ასევე მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის და სათადარიგო ნაწილების, ასევე მომსახურებების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების შენახვის და ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანდაგრების ქირავნობის და საბანკო მომსახურების) შესყიდვების რაოდენობებისა და მოცულობების განსაზღვრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2026 წლის რთველის შეუფერხებლად ჩატარებისათვის საჭიროა დამატებით 237 მლნ ლარი მიემართოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებელ შესყიდვებზე.
ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2026 წლის რთველზე გაზრდილი ჭარბი მოსავლის გათვალისწინებით შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ დღე-ღამეში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა კახეთის რეგიონში შეადგენს 8000-9000 ტონას, შესაბამისად შეუძლებელია კომპანიამ წინასწარ განსაზღვროს რა რაოდენობის ყურძნისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ მოსავლის მართვის კომპანიამ რთველზე უკვე 50 მლნ ლარი დახარჯა. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის 2026 წლის რთველზე 287 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.
























