"ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო მოხელეთა დეკლარაციები მას შემდეგ გაიხსნა, რაც ამ საკითხით თავად დაინტერესდა. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, პრემიერის დაინტერესებამდე რატომ არ ქვეყნდებოდა დეკლარაციები.
"კითხვები დაისვა, რატომ არ იყო გასაჯაროებული საჯარო მოხელეთა დეკლარაციები, დავინტერესდი, ჩავერიე, მეორე დღესვე და მეორე დღესვე გაიხსნა ყველა დეკლარაცია, [ჟურნალისტები] აქაც ეძიებიან გარკვეულ საკითხებს, თუმცა დღემდე წარუმატებლად, რაც ძალიან კარგია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდი 6 თვის განმავლობაში გათიშული იყო. იმის მიუხედავად, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი ანტიკორუფციულ ბიუროს დეკლარაციების გამოქვეყნებას ავალდებულებს და ეს პრაქტიკა ყველა ხელისუფლების პირობებში უცვლელი იყო, 2024 წლის დეკემბრიდან ბიურო ამ ფუნქციას არ ასრულებდა - ვებსაიტზე მოქალაქეთათვის ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდული იყო. ამის ოფიციალურ მიზეზად „ტექნიკური ხარვეზი“ სახელდებოდა, რომელიც 6 თვე ვერ აღმოიფხვრა.
ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდი 11 ივნისს ჩაირთო, მას შემდეგ, რაც 5 ივნისს BMG-მ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, რა იყო მიზეზი და რატომ არ ქვეყნდებოდა დეკლარაციები.
"მე მგონია, რომ სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს. მეც შემიძლია დავინტერესდე, გავესაუბრო შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს. მე ვფიქრობ, რომ ეს დეკლარაციები სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს", - განაცხადა მაშინ კობახიძემ.




























