მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთის სენატი მთავრობას ქართველი მაღალჩინოსნებისა და მოსამართლეების დასანქცირებისკენ მოუწოდებს

რეზოლუცია

ჩეხეთის პარლამენტის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მთავრობისგან სანქციების დაწესებას ითხოვს, როგორც იმ პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში პროევროპული აქციების ძალადობრივ დაშლაში, ასევე მოსამართლეებისთვის, რომლებიც "პოლიტიკურად მოტივირებულ" გადაწყვეტილებას იღებენ.

18 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში ჩეხეთის რესპუბლიკის სენატი იხსენიებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, საქართველოს კონსტიტუციას, 2024 წლის 28 ნოემბრით დათარიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციას და ყველა სხვა რელევანტურ დოკუმენტს თუ განცხადებას, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, და მათზე დაყრდნობით ჩეხეთის მთავრობისგან რეაგირებას ითხოვს.

"შეგახსენებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი პრიორიტეტი", - ნათქვამია რეზოლუციაში.

სანქციებთან ერთად, ჩეხეთის სენატი მთავრობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას სთხოვს.

"ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ სანქციები დაუწესოს ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობას იღებენ საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის ბრძანებაში. ასევე, განიხილეთ ამ სანქციების გავრცელება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ; იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობის განვითარება არ არის მოსალოდნელი, ყურადღება მიექცეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერასაც", - წერია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში, ასევე, საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზე. სენატი მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რუსული გავლენა იზრდება, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც გამოიკვეთა. დამტკიცებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო წნეხის, დაშინებისა და მანიპულაციის ფაქტების გამო, საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის რეალურ ნებას და არ შეიძლება თავისუფალ და სამართლიან პროცესად ჩაითვალოს.

ცნობისთვის, 17 დეკემბერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად 230 ათასი ევრო გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები