რუსულ ავიაკომპანია Red Wings-სს საქართველოს მიმართულებით ფრენების გაფართოება სურს. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავიაკომპანიამ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში კვირაში 23-ჯერ უნდა იფრინოს.
Red Wings-მა რეისები მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარადან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან და სოჭიდან უნდა შეასრულოს.
ავიაკომპანია აპირებს, ჩელიაბინსკი-თბილისი-ჩელიაბინსკის მიმართულებით, ფრენები 15 ნოემბრიდან დაიწყოს და რეისები კვირაში ერთხელ შეასრულოს. რაც შეეხება ეკატერინბურგი-თბილისის რეისს, ის 16 ნოემბრიდან, კვირაში ორჯერ უნდა დაიწყოს. "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, 13 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს ყაზანის რეისი, კომპანიამ თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ უნდა იფრინოს. კვირაში ერთი რეისი უნდა შესრულდეს სამარა-თბილისი-სამარას მარშრუტზე.
ახალი რეისების შესაძლო დამატებაზე BMG ცდილობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან დაკავშირებას. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის ავიაფრენები მიმდინარე წლის მაისში აღდგა. ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის ფრენებს Red Wings-ი, Azimuth-ი და Georgian Airways-ი ასრულებს.