ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასის შესახებ უფრო ზუსტ სურათს მედიანური მაჩვენებელი იძლევა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ხელფასს ორი მეთოდით საშუალო და მედიანურით ზომავს. მედიანურ და საშუალო ხელფასის მაჩვენებლებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. 2024 წლის მედიანური ხელფასის ზუსტ მონაცემს საქსტატი ოქტომბერში გამოაქვეყნებს. 2023 წლის მონაცემებში კი საშუალო ხელფასი თუ 1767 ლარი იყო, მედიანური ხელფასის მაჩვენებელი 30%-ით ნაკლები 1238 ლარია.
სხვაობის მიზეზი დათვლის მეთოდოლოგიაშია. საშუალო ხელფასის გამოსათვლელად: საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან აგროვებს. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს - ანუ მონაცემებს ხელფასებზე ჯამურად დახარჯული თანხის მოცულობაზე აწვდიან, რაც ძირითად ხელფასთან ერთად პრემია-დანამატს მოიცავს. საქსტატი მიღებულ რიცხვს ჯერ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე ყოფს, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, - იმის მიხედვით, კვარტალურია კვლევა თუ წლიური.
განსხვავება მეთოდებს შორის ის არის, რომ საშუალო მაჩვენებელზე მცირე რაოდენობის მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და დიდია ალბათობა მედიანური ხელფასის გამოთვლისას მიღებული შედეგთან სხვაობა იყოს. მედიანური დაანგარიშების დროს უკიდურესი წევრები ანუ ყველაზე მაღალი ხელფასისა და დაბალი ხელფასი მქონე პირები გამოირიცხება.
"მხოლოდ ნომინალზე ყურება შეცდომაა. ამიტომაც ყოველთვის უნდა მივიღოთ მხედველობაში რამხელაა ინფლაცია იმ წელს, იმ პერიოდში ან წლის იმ მონაკვეთში. როგორც წესი, ხელფასები ყოველთვის იზრდება. ეს არის ცნობილი ფენომენი ეკონომიკაში. რადგან ხელფასის შემცირებას ვერ იტანს ბიზნესი, ვერ იტანს ბაზარი. თუ რეალური ზრდა არის მაღალი, მაშინ მოქალაქეების კეთილდღეობა იზრდება, თუ რეალური ზრდა არის ნულთან ახლოს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების კეთილდღეობა ერთ დონეზეა.
ჩემი აზრით, მედიანური ხელფასი უფრო სწორია. იმიტომ, რომ საქართველოში სტატისტიკა გვეუბნება, რომ ძალიან განსხვავებულია ყველა კრიტერიუმით ხელფასები, გენდერულად, სექტორულად, პოზიციურად. ანუ ეს არ არის სამუშაო ბაზარი, სადაც ვიტყოდით, რომ ქალებს და კაცებს აქვთ იგივე ხელფასი ან სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებს აქვთ ერთნაირი ხელფასი. ეს რომ ასე იყოს, კიდევ ვიტყოდით, რომ საშუალო ხელფასი მეტად თუ ნაკლებად ადეკვატურია. ვიცით, რომ განათლებაში ხელფასი არის 800 ლარი, მაშინ, როცა IT-ში, მაგალითად, საშუალო ხელფასი დაახლოებით 4500 ლარს შეადგენს", - აცხადებს ხიშტოვანი.




























