სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, მისი ინფორმაციით, მთავრობას ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე თქმით, ბირჟა რომ წარმატებულია, ამაზე კომპანიების მიერ დაზოგილი 400 ათასი ლარი მეტყველებს.
"ენერგეტიკული ბირჟის წინამოსამზადებელი სამუშაოები საკმაოდ კარგად ჩატარდა. ბირჟა ნებაყოფლობით რეჟიმში ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო. ექვსი თვის განმავლობაში კომპანიებმა, რომლებმაც იქ ივაჭრეს, 400 ათას ლარზე მეტი ეკონომია ნახეს იმ ფასებთან შედარებით, რაც არსებობდა გარეთ. ეს ნიშნავს, რომ ბირჟა ფინანსურადაც საინტერესო და მიმზიდველია. საბოლოო გადაწყვეტილებას მის ასე ვთქვათ გახსნასთან და გადავადებასთან დაკავშირებით იღებს მთავრობა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, დაველოდოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - ამბობს ნარმანია.
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე.
1 ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია საათობრივი დაბალანსების ვალდებულებაც.




























