მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის ინფორმაციით, სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას და მალე გავრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
„ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ [ინფორმაცია] ასევე, ძალიან მალე მიუვა "ქართული ოცნებიდან" ყველა იმ ადამიანს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაუქმებაზე, ვისაც [საჭიროდ] ჩათვლის სახელმწიფო დეპარტამენტი. ასევე უნდა ითქვას, რომ სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ინფორმაციისთვის, BM.GE-იმ რამდენიმე დღის წინ უკვე მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს და მოითხოვა ინფორმაცია შესაძლო სანქცირების შესახებ, თუმცა მათი განმარტებით, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.