"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" და "მაკდონალდს საქართველოს" დამფუძნებელი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მისი კომპანიები წელს ბიუჯეტში გადასახადის სახით 320 მილიონ ლარს შეიტანენ. ასე პასუხობს ის სამთავრობო მედიებში გასულ სიუჟეტებს, სადაც სხვა კომპანიებთან ერთად „კოკა-კოლა“ რუსეთიდან შემოსავლების მიმღებად იყო მოხსენიებული.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ბიზნესის საქმიანობა არა ჭორებით, არამედ იმ წვლილით უნდა იყოს შეფასებული, რომელიც კომპანიას ქვეყნის ეკონომიკის შექმნაში შეაქვს. ამის შესახებ თემურ ჭყონიამ „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს დაპირისპირების ერთ-ერთი მომენტია, რაში სჭირდებათ, არ ვიცი. ჩვენი შეფასება, მარტო ჭორებით არ უნდა ხდებოდეს, მაშინ ფართო საზოგადოებისთვის ვიტყვი, რომ მთელი ჩემი კომპანიები 2024 წელს ბიუჯეტში [გადასახადების სახით] ₾320 მილიონს შეიტანენ და დამიპირისპირდეს ნებისმიერი ადამიანი, ₾320 მილიონი ვის შეაქვს ბიუჯეტში?! არ ვიტრაბახოთ? - ვიტრაბახებთ. საშუალო ხელფასი ჩვენთან [კომპანიებში] ევროპის დონეზეა, არ ვიტრაბახოთ? - ვიტრაბახებთ. ქონების გადასახადის გადასახადს თუ პროცენტულად შეხედავთ, ჩვენს კომპანიებში უფრო მეტი ქონების გადასახადის გადამხდელი ჰყავთ, ვიდრე სატრაბახო ადამიანები, იმიტომ რომ ქონების გადასახადს იხდის ის, ვისაც წელიწადში 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს. ესეც უზრუნველვყავით. ახლა რაც უნდა ის მელაპარაკონ, ვიღაც რაღაცას იტყვის ჭორების დონეზე, არაფორმულირებაზე, არათანმიმდევრულობაზე, ამაზე პასუხის გაცემა მე არ მიყვარს და არც მაინტერესებს. სახელმწიფო ტელევიზიებმა რომ იცოდნენ, ჩემზე ეს არ მოქმედებს.
ბიზნესი იმის მიხედვით უნდა შეაფასო - რა ეკონომიკური როლი აქვს მას სახელმწიფოში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკა გაიზარდა, ხელმომწერი იქნება თუ არა [Freebusiness.ge-ს მოთხოვნების] ეს ის ხალხია, ვინც ამ ქვეყნის ეკონომიკას ქმნის და ხელფასებს უხდის, ჯილდოებს რომ აწესებენ, მაგასაც ჩვენ ვიხდით, გზები.. რომელი ერთი გითხრათ... მით უმეტეს ახლა ბიზნესი ხელის გულზე უნდა ატარონ, იმიტომ რომ იმ იზოლაციაში, რაშიც ახლა ჩვენი სახელმწიფოა დონორებისგან, გერმანიამ უარი გვითხრა დაფინანსებაზე... ხელისგულზე გვატარეთ მეგობრებო და გაგვიფრთხილდით, იმიტომ რომ ის სხვაობა [ფინანსური რესურსი], რომელსაც სახელმწიფო თავისი საგარეო პოლიტიკის ჩავარდნის გამო ვერ იღებს, ამაზე ჩვენ უნდა შეგვეხვეწოთ, რომ შევავსოთ, ათმაგად მეტი შრომა ჩავდოთ და ათმაგად მეტი მოგება მივიღოთ, რომ რაღაცნაირად ქვეყანა სტაბილურად იყოს“, - აცხადებს ჭყონია.