საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ენერგეტიკულ ბირჟაზე შემდეგი გარიგებები დიდი ალბათობით განსხვავებული ფასით დაფიქსირდება. "„მაღალი ალბათობით ფასი ვერ იქნება 12,6 თეთრზე დაბალი“, - განაცხადა მაია მელიქიძემ "საქმის კურსთან" ენერგეტიკულის ბირჟის მოქმედების შეფასებისას.
მისი თქმით, ელექტროენერგიის გამყიდველი კომპანიები აღნიშნავენ, რომ პირველი გარიგების დროს დაფიქსირდებული ტარიფი მათთვის შედარებით უფრო დაბალია და ისურვებდნენ მეტს, ვინაიდან მათი გადმოსახედიდან ხარჯები შემოსავლებს აჭარბებს.
„დღესაც ბევრი ინვესტორი დაკვირვების რეჟიმშია და ვფიქრობ, დაახლოებით 3 თვის დაკვირვების შედეგად უფრო მკაფიო სურათი გვექნება, თუ რა მიმართულებით ვითარდება ჩვენი ენერგეტიკული ბირჟა. მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველა ბაზრის მონაწილეს, რომლებიც დაკვირვების რეჟიმში არიან, შევიდნენ ბაზარზე და ივაჭრონ, ვინაიდან ეს იქნება მათთვის არაჩვეულებრივი საშუალება ყველა იმ რისკის ჰეჯირებისა, რომელიც შესაძლოა, შემდეგ უკვე მათ წინაშე აღმოჩნდეს იმ დროს, როცა უბალანსობის ბაზარი ამოქმედდება.
ფასთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასურველი იქნებოდა უფრო მაღალი ფასი ყოფილიყო ვინაიდან თავიდან, როცა დაიწყო შეთავაზებები განცხადება გაკეთდა, რომ ელ.ენერგიის გაყიდვა 14 თეთრად მოხდებოდა და ფასი დაფიქსირდა 14 თეთრი, ხოლო მყიდველმა დააფიქსირა 12 თეთრი. საბოლოო ჯამში გამყიდველმა ფასი ჩამოსწია, ხოლო მყიდველმა ასწია და დაფიქსირდა 12,6 თეთრი.
მაღალი ალბათობით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ფასი გაიზრდება, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის, როგორც პროდუქტის ფასი საკმაოდ დაბალია და რეალურად ბაზრის არამონაწილე და ორმხრივი ხელშეკრულების მხარეს მყოფი კომპანიები, განსაკუთრებით ელ. ენერგიის გამყიდველი კომპანიები აღნიშნავენ, რომ ეს ტარიფი მათთვის შედარებით უფრო დაბალია და მეტს ისურვებდნენ, ვინაიდან ხარჯები მათი გადმოსახედიდან შემოსავლებს აჭარბებს.
ამ კონკრეტულ სიტუაციაში როგორი ფასიც შედგა იყო 12,6 თეთრი, მაგრამ მაღალი ალბათობით ფასი ვერ იქნება ამაზე დაბალი, რადგან ყველაფერს თავისი ხარჯები აქვს, მათ შორის ელექტროენერგიის გენერაციასაც. ჩემი მოლოდინია, რომ შემდეგი გარიგება უფრო განსხვავებული ფასით დაფიქსირდება“, - განაცხადა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში მაია მელიქიძემ.
ენერგეტიკული ბირჟის გახსნიდან 23-ე დღეს ბირჟაზე პირველი გარიგება დაიდო. 23 ივლისის ვაჭრობაზე ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის მოცულობამ 1022 მგვტ.სთ შეადგინა, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა - 126.43 ლარი/მგვტ.სთ-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის გასაყიდი და შესასყიდი ფასის წონასწორობის წერტილი 12,6 თეთრი იყო. 12.6 თეთრად ელექტროენერგია "ეპ ჯორჯია გენერაციამ“გაყიდა.
პარალელურად გაიზარდა ბირჟის მონაწილეთა რაოდენობა და სავაჭრო პლატფორმაზე უკვე 13 კომპანიაა დარეგისტრირებული.