მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ჩემი საქმე 180 გრადუსით შემოტრიალდა” - სააპელაციომ “მაგნატს” სამეწარმეო სტატუსი აღუდგინა

მაგნატი

სააპელაციო სასამართლომ ნავთობკომპანია “მაგნატის” სამეწარმეო რეესტრში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა ჯემალ ლეონიძემ BMG-ის გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ცნობილია, ბიზნესმენი წინა ხელისუფლების დროს კომპანიის წართმევის საქმეზე დამფუძნებლის სტატუსით დავობს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი გამოძიებას თავად კომპანია “მაგნატი” მიმართავს და მისი აქტივების უკან დაბრუნებას მოითხოვს.

“სააპელაციო სასამართლომ ჩემი კომპანია "მაგნატის" საჯარო რეესტრში აღდგენასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. კომპანია, რომელიც 2009 წლის ოქტომბრიდან გაკოტრების რეჟიმში შევიდა, დღეს სააპელაციო სასამართლომ მკვდარი გააცოცხლა.

კომპანიას სამეწარმეო რეესტრში აღუდგება სტატუსი, აღდგება პირვანდელ რეჟიმში, სანამ გაკოტრების რეჟიმში შევიდოდა. ეს არის კომპანია, რომლის მართვა და მართვაზე უფლება გვექნება ჩვენ, დამფუძნებლებს, მეპატრონეებს და არ ჩაერევა სააღსრულებო ბიურო, თუ გაკოტრების მეურვე მის საქმიანობაში.

ამ გადაწყვეტილებით იცვლება ძალიან ბევრი რამ. ფაქტობრივად ჩემი საქმე 180 გრადუსით შემოტრიალდა. ამ კომპანიას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გაკოტრების რეჟიმში შესვლის შემდეგ საჯარო რეესტრში რიცხული ქონება ჰქონდა. ჰქონდა წილები სხვადასხვა კომპანიაში, ჰქონდა ქონება, ჰქონდა სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ორგანიზაციებზე თანხის ამოსაღებად. ჰქონდა მიწა, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული იყო, მაგრამ რეგისტრაცია ვერ მოასწრო, ჰქონდა სასესხო ხელშეკრულებები, საკმაოდ სოლიდურ თანხებზე, რომლის ამოღება მაშინდელმა მენეჯმენტმა ვერ მოასწრო და გაკოტრების მმართველმა არ გაითვალისწინა ეს აქტივები. ვნახოთ, თუ ვინმე დაგვაფინანსებს, ალბათ გამოჩნდება კეთილი ადამიანი, ვინც დახმარების ხელს გამოგვიწვდის.

საქმიანობის დაბრუნებამდე უნდა მოხდეს უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა ამ კომპანიაზე. რახან წაღებულ ქონებაზე არცერთი თეთრი არ გადახდილა, უნდა დაუბრუნდეს კომპანიას. კომპანიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის ნავთობპროდუქტების იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული უძრავ-მოძრავი ქონება.

დღეიდან კომპანია მხარე ხდება საგამოძიებო პროცესში, არ იყო კომპანია და ვდაობდი დამფუძნებელი. ახლა უკვე გამოძიებას თავიდან მიმართავს "მაგნატი" როგორც სამეწარმეო სუბიექტი და მოითხოვს იმ საქმეებზე რეაგირებას, რაც "მაგნატს" გადახდა და მოითხოვს თავად და არა ჯემალ ლეონიძე. დავა თავიდან იწყება, მაგრამ ბევრი ეტაპი გავლილია”,-აცხადებს ჯემალ ლეონიძე.

ჯემალ ლეონიძე წინა ხელისუფლების, ენმ-ს დროს მისი კომპანიის წართმევის საქმეზე წლებია დავობს და სამართლიანობის აღდგენას "ქართული ოცნების" პირობებშიც ჯერ ვერ მიაღწია. ბიზნესმენის წინააღმდეგ 2008 წლის ბოლოდან დაიწყო ბრძოლა კომპანიიდან მისი ჩამოშორების მიზნით, რაშიც როგორც ლეონიძე ამბობს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის დაკვეთით პროკურატურასა და საგადასახადო ორგანოებთან ერთად კომერციული ბანკებიც მონაწილეობდა.

ბიზნესმენის ჩვენებიდან ჩანს, რომ კომპანია “მაგნატი” მიზანმიმართულად გააკოტრეს, გააუფასურეს მისი აქტივები, თვითონ კი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. საბოლოო ჯამში კი კომპანია გასხვისებულ იქნა „სან პეტროლიუმ ჯორჯიაზე“. მსგავსი მეთოდებით წაართვეს ლეონიძეს სხვა ბიზნესებიც. როგორც ამბობს, კომპანიას 43 ბენზინგასამართი სადგური, 4 ნავთობტერმინალი, 3 რესტორანი, მეფრინველეობის ფაბრიკა და სხვა მოძრავი ქონება გააჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები