საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2015 წლის მარტიდან დღემდე, ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ ფარგლებში, სახელმწიფომ კანონიერ მფლობელებს დაუბრუნა ან/და დაბრუნების სტადიაშია ₾67 მილიონის ქონება. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ გამოითხოვა გენერალური პროკურატურიდან, რომელსაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა, თუმცა აღნიშნული უწყება უფლებამოსილია, მხოლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების დაბრუნების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება.
როგორც bm.ge-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2015 წლის მარტიდან დღემდე, გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში, „სამართლიანობის აღდგენის“ მოთხოვნით, სულ 10 594 განცხადება შევიდა.
„გამოძიება დაწყებულია 476 სისხლის სამართლის საქმეზე.
დაზარალებულად ცნობილია 474 პირი.
332 პირს, საქართველოს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების სტადიაშია 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.
სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების პროცესში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 14 პირი.
ამჟამად, გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის წარმოებაშია 465 სისხლის სამართლის საქმე“, - ნათქვამია წერილობით მოწოდებულ პასუხში.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უპასუხოდ დატოვა კითხვა, რომელიც შეეხებოდა იმ კომპანიების/პირების ვინაობას, რომელთაც სახელმწიფომ ქონება დაუბრუნა.