მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩემპიონატის გრძელვადიანი ეფექტი სპორტის კულტურის განვითარებაა“ - ასათაშვილი

63ea0e228bc2b
თათია ჩაფიჩაძე
13.02.23 23:27
592
მიმდინარე კვირაში ბაკურიანი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება.

მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში 270 მლნ ლარი დაიხარჯა, რომელიც სამი ახალი საბაგიროს და ექვსი ახალი ტრასის მოწყობას მოხმარდა, ასევე ამოქმედდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემები.

“ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ამბობს, რომ ღონისძიება ქვეყნისთვის სპორტული კულტურის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანია, თუმცა ის ტურისტულ ნაკადებს და ეკონომიკურ სარგებლიანობას ვერ გაზრდის.

„ჩემპიონატი ცალსახად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. რამდენიმე კუთხით შეგვიძლია შევხედოთ ამას, ის განაპირობებს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სპორტის კულტურის განვითარებას და სავარაუდოდ გრძელვადიანი შედეგი ექნება. ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვანია რადგან ვიცით, რომ 100 მლნ დოლარი დაიხარჯა და ეს მოხმარდა საბაგიროებს, გათოვლიანების და წყალმომარაგების სისტემას, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

რაც შეეხება მიწათსარგებლობას და გეგმარებას ამ მიმართულებით ვერაფერი გაკეთდა და მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დავინახავთ, რომ სუფთა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კუთხით იქნება პრობლემატური. ამ ჩემპიონატის ფარგლებში ვიცით, რომ აღმაშენებლის ქუჩა იქნება ჩაკეტილი რაც წარმოქმნის შეფერხებას, სამწუხაროა რომ უკეთესო გადაწყვეტები ვერ იპოვეს.

ზოგადად ამ ინფრასტრუქტურის განვითარებას ტურისტთა მკვეთრი ნაკადის ზრდა არ მოყვება, ეს ცალსახაა. გრძელვადიანი ეფექტი აქვს სპორტის კულტურის განვითარების კუთხით, თორე ეკონომიკური სარგებელი მყისიერი ან 3 წლის განმავლობაში არ ექნება, ამაზე არაერთი კვლევა გაკეტებულა. ოლიმპიადების გამო კეთდება უშველებელი ინფრასტრუქტურა და კი ეს ცნობადობას ზრდის, თუმცა უნდა გვესმოდეს რომ ბაკურიანი ვერ ჩამოყალიბდება ისეთ კონკურენტუნარიან კურორტად, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპაში რომელიც წაართმევს სხვა კურორტებს საერთაშორისო ვიზიტორებს.

საქართველოში ამ ინფრასტრუქტურის განვითარება ქართველი ვიზიტორების გაზრდას შეუწყობს ხელს, სეზონის გაგრძელებას, თუმცა საერთაშორისო დონეზე დიდი ეფექტი არ ექნება. ბაკურიანს რა მიმართულებითაც შეუძლია განვითარება და საითაც მიდის, ეს არის სპორტსმენების ზაფხულის და ზამთრის საწვრთნელი კურორტი. ეს მნიშვნელოვანი კონცეფციაა, რომელზეც დიდი ხანია მიდის მუშაობა მაგრამ ბევრი ვერაფერი გაკეთდა. ამ ღონისძიებამ შესაძლოა ამ მიმართულებით დიდი როლი ითამაშოს. პროფესიონალი სპორტული კლუბები გადმოვიდნენ საქართველოში თუნდაც ზაფხულში და ბაკურიანი გამოიყენონ საწვრთნელ ბაზად. 2024-2025-ში დიდი არაფერი მოხდება ამ მხრივ, თუმცა კონცეპტუალურ დონეზე ასე თუ გაგრძელდება მნიშვნელოვანი იქნება. ეს ბევრად უფრო გრძელი პროექტია და შედეგებს 10 წლიან დინამიკაში უნდა დაველოდოთ,“ - განაცხადა “საქმიანი დილის“ ეთერში ასათაშვილმა.

გასული კვირის მიწურულს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ბაკურიანში, საჩემპიონატო მზადებას ადგილზე გაეცნო და ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ დღეს ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს და ის მზადაა ჩაატაროს არა მხოლოდ აღნიშნული ჩემპიონატი, არამედ რეგულარული სპორტული კალენდრის ნაწილიც გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები