მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩემს ბავშვობაში მსოფლიოს დიდებული ლიდერები ჰყავდა. ახლა სიტუაცია განსხვავებულია - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. მან ამის შესახებ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ის ამ მიმართულებით ვითარების გაუარესებას არაფორმალური გავლენებს უკავშირებს.

„რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია, ისევე როგორც ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ლიდერებიც. თუმცა ეს არ იძლევა განზოგადებულ სურათს. გლობალურ მასშტაბში ეს სურათი, ვიტყოდი, რომ არ არის ლამაზი. არსებობს მოსაზრება, რომ პლანეტის კადრების უფროსს მცდარი განზრახვა ამოძრავებს ლიდერებად სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ადამიანის შერჩევისას. არადა, უნდა არსებობდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც სახელმწიფოებში ლიდერების შერჩევაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი ბავშვობის პერიოდში მსოფლიოს დიდებული ლიდერები ჰყავდა. დეტალებში არ შევალ და სახელებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ მსოფლიოს ჰყავდა დიდებული ლიდერები, ხოლო ახლა სიტუაცია ბევრად განსხვავებულია. სავარაუდოდ, ამ ნეგატიური მოვლენების უკან არაფორმალური გავლენები დგას.

რაც შეეხება ლიდერების როლსა და ფუნქციას, ყველაზე პოზიტიური, რაც მათ შეუძლიათ, არის დიალოგის, თანამშრომლობის, დაკავშირებადობის ხელშეწყობაზე აქცენტირება. ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე. ეს ყოველთვის ასე არ ხდება",- ამბობს ირაკლი კობახიძე.

მან ასევე ისაუბრა მრავალმხრივ ორგანიზაციებზე და განაცხადა, რომ ისინი სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან.

"საქართველოს მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია.

შესავალ სიტყვაში შეეხეთ მრავალმხრივ ორგანიზაციებს. ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აზრით არაფორმალური გავლენები იკვეთება ოფიციალურ ამ ორგანიზაციებშიც. ჩვენთვის ეს ძალიან თვალსაჩინოა. ამის შედეგი საკმაოდ ნეგატიურია: კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციები სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან. ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო. ამ მიმართულებით - ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაწილში - გარკვეული გამოწვევების წინაშე ვართ ზოგიერთი მრავალეროვნული ორგანიზაციის მხრიდან. ეს იმ საკითხებს მიეკუთვნება, რაც უნდა შეიცვალოს.

ყველას კარგად გვახსოვს ისეთი ფრაზები, როგორიცაა „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“, „ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“. სამწუხაროდ, ეს უკვე ჩაბარდა წარსულს. ამაზე ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს. ნამდვილად მნიშვნელოვანია მრავალეროვნული ორგანიზაციების გაძლიერება. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა მოხდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დასაბრუნებლად. ეს ძალიან რთული ამოცანაა და ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები