მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩემსა და შენს შორის დავას ვწყვეტ მე - ეს პრინციპია" - რატომ საჭიროებს დავების საბჭო რეფორმირებას?

ირაკლი შავიშვილი

საგადასახადო ექსპერტ ირაკლი შავიშვილის აზრით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების განხილვის საბჭო რეფორმირებას საჭიროებას.

ირაკლი შავიშვილიც იმ საგადასახადო კონსულტანტებს შორისაა, ვინც ფიქრობს, რომ საგადასახადო დავების განხილვის არსებულ სისტემას ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა აქვს.

საქმე ის არის, რომ საგადასახადო დავების განხილვის საბჭო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ორგანოა, რომელსაც გადასახადის გადამხდელი მიმართავს მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურმა მას დააკისრა გარკვეული საგადასახადო თუ საბაჟო გადასახადი, თუმცა სუბიექტი არ ეთანხმება და ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ჯერ შემოსავლების სამსახურშივე, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ორგანოში, რომელსაც მინისტრი თავმჯდომარეობს. 10-წევრიან საბჭოში 8 ფინანსთა სამინისტროდანაა, ერთი ბიზნესომბუდსმენის აპარატის წევრია და ერთიც - საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი.

საგადასახადო დავების საბჭოს რეფორმირებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და USAID-ის დახმარებით, რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტიც მომზადდა, მაგრამ ამ დრომდე სისტემის რეფორმირება ვერ განხორციელდა.

„დავების განხილვის საბჭოს არსებულ მოდელში ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა თავის დროზე, როცა დავების საბჭო იქმნებოდა, მათი [ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის] არგუმენტი იყო - „ჩვენ გვინდა ჯერ შიგნით გავერკვეთ, რაშია პრობლემა" - ვესაუბროთ როგორც შემმოწმებელს, ისე ბიზნესის წარმომადგენელს და შემდეგ კი, ან იქამდეც თუ გადასახადის გადამხდელს სურვილი ექნება, მიმართოს სასამართლოს, ამაში მას არავინ ზღუდავს; თუმცა ფაქტობრივად, არის ასეთი გარემოება - რამდენადაც ვიცი, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებში საგადასახადო კანონმდებლობა საერთოდ არ შედის, ამიტომ მოსამართლეები, როგორც წესი, საგადასახადო თემებში ცუდად ერკვევიან და პრაქტიკულად გამოდის ისე, რომ დავების საბჭოს მიერ დაწერილ გადაწყვეტილებებს სახელმძღვანელოდ იღებენ.

დავების საბჭოს ამ ფორმით არსებობა პრობლემურია იმიტომაც, რომ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო. გარკვეული დროის განმავლობაში როცა არ იყო პოლიტიკური დავალება, სასამართლოები ასე თუ ისე წყვეტდნენ საქმეებს - მართალია, უფრო ხშირად ბიუჯეტის სასარგებლოდ და უფრო იშვიათად ბიზნესის სასარგებლოდ, მაგრამ მაინც... ამდენად, გამართული სასამართლო სისტემის პირობებში დავების ასეთი საბჭო, შეიძლება, ფინანსთა სამინისტროს სისტემაშიც არსებობდეს, თუნდაც იმ მიზეზით, რომ უწყება თავად გაერკვეს რაშია პრობლემა, მაგრამ მაგრამ ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით, დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მოსამზადებელი ეტაპი სასამართლოსთვის“, - განაცხადა ირაკლი შავიშვილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ სასურველია, რეფორმირებული დავების საბჭო პარლამენტს ან პრეზიდენტის ინსტიტუტს დაექვემდებაროს.

„ჯერ კიდევ, 2000-იან წლებში, როცა დავების საბჭო იქმნებოდა, მკითხეს, რა აზრის ხარ ამ საკითხზეო... მე ვთქვი, რომ პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტია და გამოდის ასეთი პრინციპი - ჩემსა და შენს შორის დავას ვწყვეტ მე, რაც პრინციპში უსამართლოა... უფრო სწორი იქნებოდა, ამგვარი დავების საბჭოს გატანა მთავრობის გარეთ, რადგან რადგან ფინანსთა სამინისტრო ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა მთავრობაში“, - აღნიშნა ირაკლი შავიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები