მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საგადასახადო დავების საბჭოს მეტი დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს" - სპეციალისტები რეფორმის საჭიროებაზე

საგადასახადო

საგადასახადო სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმის საკითხი ისევ უნდა გააქტიურდეს და საბჭოს დაკომპლექტების წესი შეიცვალოს.

საქმე ისაა, რომ საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს 10 წევრიდან დამოუკიდებელი მხოლოდ ორია, 8 წევრი კი თავად ფინანსთა სამინისტროს სისტემიდანაა, საბჭოს თავმჯდომარე კი ფინანსთა მინისტრია.

როგორც აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ში აცხადებენ, მსგავსი ფორმის საბჭოში დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალი ვერ იქნება. კომპანიის საგადასახადო მენეჯერი, ვლადიმერ გიორგაძე BMG-სთან აცხადებს, რომ ერთ-ერთ ვარიანტად უნდა განიხილებოდეს დავების საბჭოს ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბება.

„ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს ის აქვს უარყოფითი, რომ ის არაა დამოუკიდებელი ორგანო და ექვემდებარება ფინანსთა სამინისტროს. უტრირებული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ასეთი რაღაც გამოდის - დედას შესჩივლო, რომ შენმა შვილმა რაღაც დამიშავაო, დედა ყოველთვის მიკერძოებული იქნება თავისი შვილის მიმართ, იგივეა აქაც. ფინანსთა სამინისტრო გაჯარიმებს და ისევ ფინანსთა სამინისტროში მიდიხარ საჩივრით. მაინც მიკერძოებული იქნება, რადგან დავების საბჭოში დამოუკიდებლობის ხარისხი სათანადო ვერ იქნება, რადგან საბჭოში გადაწყვეტილებას იღებენ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე თანამდებობის პირები. ვინ პოლიტიკას ქმნის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებაზე, მასთან გიწევს დავა. ის როგორი ობიექტურიც არ უნდა იყოს, თავისი სამუშაოდან გამომდინარე, მიკერძოებული იქნება იმ გადაწყვეტილებაზე, რაც იქამდე აქვს მიღებული და გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ შესაძლოა, არ დამთავრდეს დავა.

მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო დავების მიმართულებით გარკვეული რეფორმა ჩატარდეს, შეიძლება ეს საკითხი კერძო არბიტრაჟში გადავიდეს, სადაც უფრო სწრაფად მოხდება დავების განხილვა, შეიძლება ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სისტემას არ დაექვემდებარება. ეს შეიძლება მსჯელობის საგანი იყოს, თუმცა მიზანი ისაა, რომ საგადასახადო დავების საბჭოს მეტი დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ვლადიმერ გიორგაძემ.

იმაზე რომ საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს რეფორმა სჭირდება, იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილეც საუბრობს. ზურაბ ძნელაშვილი BMG-სთან ამბობს, რომ დავების საბჭო ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში უნდა დარჩეს, თუმცა ის დამოუკიდებელი წევრებით უნდა დაკომპლექტდეს.

„ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს შემადგენლობაში ძირითადად სამინისტროს თანამდებობის პირები არიან, ვფიქრობ, ჯობს, რომ კითხვის ნიშნები მოხსნილი იყოს და საბჭოს წევრები ნეიტრალურები, დამოუკიდებლები იყვნენ. საბჭო უნდა დარჩეს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, თუმცა აქ საუბარია საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტებაზე, საბჭოს წევრები ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები არ უნდა იყვნენ, წევრები ნეიტრალური, ობიექტური სპეციალისტები უნდა იყვნენ და არა თანამდებობის პირები. ეს ადრე თუ გვიან გასაკეთებელია, საბჭო უნდა დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი პროფესიონალებისგან. დღეს საბჭო პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ კითხვის ნიშნებია მის მიუკერძოებლობაზე, ობიექტურობაზე. ამიტომ ჯობს, რომ ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას და გადასახადის გადამხდელს ჰქონდეს განცდა, რომ მისი საჩივარი სამართლიანად და ობიექტურად იხილება. ამიტომ ჯობს, რომ საბჭო გარეშე პირებით იყოს დაკომპლექტებული, ოღონდ სპეციალისტებისგან“, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

ცნობისთვის, საგადასახადო დავების განხილვის საბჭო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ორგანოა, რომელსაც გადასახადის გადამხდელი მაშინ მიმართავს, როდესაც შემოსავლების სამსახურმა ნას გარკვეული საგადასახადო თუ საბაჟო გადასახადი დააკისრა, თუმცა სუბიექტი არ ეთანხმება და ამ გადაწყვეტილებას ჯერ შემოსავლების სამსახურშივე ასარჩივრებს, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ორგანოში.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები