„საპენსიო სააგენტოს პირდაპირი ამოცანა მოსახლეობის მეცადინეობა არ არის“ – ამის შესახებ "ალფა კაპიტალ ედვაიზორის" მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ელაშვილმა „ანალიტიკა“–ს საქმიანი დილის ეთერში განუცხადა. მისი თქმით, ინვესტირების დეტალები განვითარებულ ბაზრებზეც ბევრმა არ იცის, თუმცა ისინი ცდილობენ გაერკვნენ და მეტი გაიგონ ამ მიმართულებით.
კაპიტალის ბაზრის პროფესიონალთან პირდაპირ ეთერში საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც საქართველოს მთავრობამ საპენსიო დანაზოგების საინვესტიციო პორტფელებს სახელები შეუცვალა.
„საპენსიო აქტივების ინვესტირება, შესაძლოა, განხორციელდეს შემდეგ სამ განსხვავებული რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში: ა) კონსერვატიული (ნაკლებად რისკიანი) საინვესტიციო პორტფელი; ბ) დაბალანსებული (საშუალო რისკიანი) საინვესტიციო პორტფელი; გ) დინამიური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი“, - ვკითხულობთ საკანონმდებლო ინიციატივაში, რომლის ავტორი საქართველოს მთავრობაა.
განვითარებულ ბაზრებზე ალბათ უკვე აქვთ სისტემის მეტი ნდობა, რადგან იქ ეს სისტემა უკვე წლებია მუშაობს ..
ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩემი შეფასებით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო შედგება ძალიან გამოცდილი მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან, რომლებიც ამ საკითხში ძალიან კარგად ერკვევიან. მე ეჭვს ვერ შევიტან – ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და ამ ფონდის პერფორმანსიდან გამომდინარე – რომ აქ საკითხი არ ესმით ან არასწორად იქცევიან..
თუმცა, რა დაგვანახა პროცესმა: როდესაც სააგენტო ჯერ კიდევ ცდილობდა მომხმარებლის გარკვევას იმაში, თუ რას ნიშნავს სხვადასხვა პორტფელი – ამასობაში, პარლამენტმა უცებ მიიღო გადაწყვეტილება ამ პორტფელების ამოქმედების 2028 წლამდე გადავადებასთან დაკავშირებით. არ ჩანდა, სააგენტოს საერთოდ რა წონა ჰქონდა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში – ალბათ ესეც მოქმედებს ნდობაზე, არა?
ჩემთვის ალბათ პრობლემა უფრო ზე–კონსერვატიული მიდგომაა კაპიტალის ბაზრის მიმართ, რაც ბევრი მაგალითის საფუძველზე ჩანს – მათ შორის, იმ ორგანოების მხრიდან, რომლებიც საკმაოდ კომპეტენტურები არიან ამ სფეროში და ეს, ჩემი აზრით, შეიძლება, ასეთი ხმამაღალი განცხადება არ გავაკეთო, რომ ვნებს – მაგრამ ნამდვილად აფერხებს გარკვეულ განვითარებას. საპენსიო რეფორმა ცალსახად საჭიროებს პორტფელების დივერსიფიკაციას – წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დარჩება საინვესტიციო ინსტრუმენტები იმიტომ, რომ საპენსიო სააგენტოს აქტივები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის კაპიტალის ბაზრის აქტივები – აქედან გამომდინარე, ე.წ. დაბალრისკიან პორტფელში დაგროვდება უფრო მაღალი რისკი, უფრო მაღალი კონცენტრაცია და ინვესტირების პირველი პრინციპი რაც არის – დივერსიფიკაცია – ეს დაირღვევა. არ ვიცი, ამ პორტფელების საჭიროება როგორ უნდა ახსნან, თუმცა, ჩემი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პორტფელები შედგეს, დიალოგი გაიმართოს მოსახლეობასთან. აქ საუბარი არ არის უცნობ აქტივებში ინვესტირებაზე – დივერსიფიცირებული პორტფელი კიდევ უფრო მეტ ამონაგებს დატოვებს. ჩემი აზრით, ამ ორი პორტფელის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი დაკარგავს მნიშვნელოვან შემოსავალს. ამ გადაწყვეტილების საპირწონედ ესეც ვინმემ უნდა დათვალოს – რამდენი ათეულობით და მილიონობით ლარი შეიძლება დაუჯდეს მომხმარებელს გადავადების გადაწყვეტილება.
საბოლოო ჯამში, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ გამართულად იმუშაოს საპენსიო სისტემამ? თუ დადგა რაიმე პრობლემა, მე და თქვენ, ვის ვთხოვთ პასუხს?
ინვესტირების შედეგებზე ცალსახად საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს. თუმცა რეფორმის მიმდინარეობაზე ყველა იმ მონაწილეს, ვინც ამ რეფორმაში არის ჩართული – საუბარია, ეროვნული ბანკი, მთავრობა, პარლამენტი, თვითონ საპენსიო სააგენტო.
რომ შევაჯამოთ, თქვენ ფიქრობთ, რომ 2028 წლამდე რისკების დაგროვების შანსი უფრო მეტია, ვიდრე, ვთქვათ, ფინანსური განათლების იმ დონემდე ამაღლების, რომ პრობლემა აღარ შექმნას არჩევანმა?
დიახ, ასე მგონია და ასევე – ძალიან მნიშვნელოვანი ამონაგები შეიძლება არ განხორციელდეს იმ გადაწყვეტილებით, რომ მხოლოდ დაბალრისკიანი პორტფელი დარჩეს.