„ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველი პარტნიორის, ირაკლი ელაშვილის განცხადებით, ფასიანი ქაღალდების გამოშვების ტექნიკური დახმარების პროგრამა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს.
ირაკლი ელაშვილის განცხადებით, კომპანიებისთვის, რომლებსაც ობლიგაციების გამოშვება სურთ, ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ემისიასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებია. შესაბამისად, მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში ამ მიმართულების დაფინანსება, მათ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გაუმარტივებს.
ირაკლი ელაშვილის ინფორმაციით, ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს ნაწილობრივ საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯებიც დაუფინანსდებათ.
„ჩემი ინფორმაციით, პროგრამა ბიზნესის ორ სეგმენტზე იქნება გათვლილი. შედარებით მცირე კომპანიებისთვის, რომელთა წლიური ბრუნვა 60 მლნ ლარს არ აღემატება და საწარმოები, რომელთა წლიური ბრუნვა უფრო მაღალია. პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული იქნება ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯები. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის ობლიგაციები გამოვა ბაზარზე, უფრო მეტად წახალისებული იქნება ლარის ბონდები და ე.წ. მწვანე, მდგრადი ემისიები. მთლიანობაში კომპანიებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარჯები იქნება ანაზღაურებული და ასევე დაფინანსდება საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯებიც. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი კომპანიაა მზად, ბაზარზე ფასიანი ქაღალდების გამოსაშვებად, თუმცა ხარჯები საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ამ მიმართულების ანაზღაურება საკმაოდ მიმზიდველს ხდის კომპანიებისთვის ობლიგაციების გამოშვებას“, - განაცხადა ირაკლი ელაშვილმა.
ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს ახალი მიმართულება დაემატება, რაც ბიზნესისთვის ობლიგაციების გამოშვებაში დახმარების გაწევას გულისხმობს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, შესაბამისი დადგენილების დამტკიცება მთავრობის მომდევნო სხდომაზე იგეგმება.