კანონის ცვლილების და პორტფელების დივერსიფიცირებით საპენსიო სააგენტო მსხვილი პრობლემის გადაჭრას ცდილობდა – ასეთია "ალფა კაპიტალ ედვაიზორის" მმართველი პარტნიორის ირაკლი ელაშვილის მოსაზრება.
„საქმიან დილა“–ში „ანალიტიკა“–სთან საუბრისას, ელაშვილმა განმარტა, რომ ე.წ. დაბალრისკიან პორტფელში ინვესტირების შესაძლებლობები ნელ–ნელა იწურება იმ მოცულობის ინვესტიციისთვის, რაც საპენსიო ფონდში გროვდება.
„ამ დაბალრისკიანი პორტფელის უმეტესი ნაწილი კონცენტრირებულია ერთ კონკრეტულ სექტორში – ეს არის საბანკო სექტორი", – განმარტავს ირაკლი ელაშვილი – "და კი, ბატონო, ძალიან კარგი სექტორია და ყველაზე კარგად მუშაობს – მაგრამ მასაც, ქვეყნის ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, თავისი ლიმიტი აქვს. ასე რომ, ამ სექტორში საპენსიო სააგენტოს მხრიდან მთლიანი საპენსიო დანაზოგის მუდმივად დაბანდება ფიზიკურად და პრაქტიკულად ვერ მოხერხდება. უფრო მცირე ნაწილით ხდება სახელმწიფო ვალდებულებების დაფინანსება და მცირე პროცენტით – უცხოურ ვალუტაში, სხვადასხვა სავალო ქაღალდებში“.
ირაკლი ელაშვილის თქმით, თავისთავად რისკის შემცველია ის ფაქტი, რომ საბანკო სექტორის შემდგომ, დაბალრისკიანი პორტფელის პრაქტიკულად დარჩენილი ნაწილი სამშენებლო სექტორზე მოდის, ერთ ქვეყანაში, რაც „ე.წ. დაბალრისკიან პორტფელსაც საკმაოდ მაღალრისკიანად აქცევს“.
კაპიტალის ბაზრის პროფესიონალი „ანალიტიკა“–სთან განმარტავს, რომ ინვესტირების პროფესიაში მთავარია, ინვესტორმა სწორი დივერსიფიცირება გააკეთოს და საინვესტიციო პორტფელში ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდები, სხვადასხვა სექტორი, სხვადასხვა კომპანია, სხვადასხვა აქცია, ობლიგაცია, ალტერნატიული საინვესტიციო საშუალება, სახაზინო ვალდებულებები და ა.შ.
„ჩემი აზრით, ჩვენი ინვესტორი უფრო დაცული გამოდის ე.წ. საშუალო და მაღალრისკიან პორტფელში, იმიტომ რომ იქ ამ დანაზოგების უფრო მეტი დივერსიფიცირება ხდება“, – ამბობს ირაკლი ელაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა საპენსიო დანაზოგების საინვესტიციო პორტფელებს სახელებს უცვლის. შესაბამისი ცვლილება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით გასული კვირის დასაწყისში მიიღო.
„საპენსიო აქტივების ინვესტირება, შესაძლოა, განხორციელდეს შემდეგ სამ განსხვავებული რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში: ა) კონსერვატიული (ნაკლებად რისკიანი) საინვესტიციო პორტფელი; ბ) დაბალანსებული (საშუალო რისკიანი) საინვესტიციო პორტფელი;
გ) დინამიური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი“, - ვკითხულობთ საკანონმდებლო ინიციატივაში, რომლის ავტორი საქართველოს მთავრობაა.