მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 აგვისტოდან თქვენი საპენსიო დანაზოგის საინვესტიციო რისკის დონის განსაზღვრა შეგეძლებათ

საპენსიო სააგენტო შენობა

საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება განსაზღვრავს იმ წესებს, რომლითაც მოქალაქეებს მათი საპენსიო დანაზოგის საინვესტიციო რისკის დონის განსაზღვრა შეეძლებათ. მოქალაქეებს შეეძლებათ დაბალი, საშუალო და მაღალი რისკიანობის პორტფელების არჩევა. დაბალი რისკიანობის მქონე პორტფელს ყველაზე დაბალი ამონაგები ექნება, ხოლო მაღალი ამონაგების პორტფელს ყველაზე მაღალი ამონაგები, თუმცა წინასწარ აღნიშნული ამონაგებების კონკრეტული ოდენობები უცნობია. 

დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შესახებ ინსტრუქცია

1. დაგროვებით საპენსიო სქემაში 2023 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით გაწევრიანებული მონაწილე, 2023 წლის 7 აგვისტოდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, მისი საპენსიო აქტივების და მომავალი საპენსიო შენატანების განთავსების მიზნით, აირჩიოს მისთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია.

2. დაგროვებით საპენსიო სქემაში 2023 წლის 6 აგვისტოს შემდეგ გაწევრიანებული მონაწილე, გაწევრიანებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, მისი საპენსიო აქტივების და მომავალი საპენსიო შენატანების განთავსების მიზნით, აირჩიოს მისთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი  ან  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 30 (ოცდაათი) დღიანი ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადები არ ექვემდებარება აღდგენას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. თუ მონაწილე არ ისარგებლებს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით მინიჭებული უფლებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში – 2024 წლის 7 აგვისტოდან, ხოლო მე-2 პუნქტის შემთხვევაში – დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებიდან არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის შემდეგ,  აღნიშნული მონაწილე კვლავ იქნება უფლებამოსილი, აირჩიოს მისთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია.

5. მონაწილე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია, იმ პირობით, რომ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის და მისი შეცვლის შესახებ განცხადებებს  შორის პერიოდი არანაკლებ 12 (თორმეტი) თვეს უნდა შეადგენდეს.

6. 2023 წლის 7 აგვისტოდან, მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის უფლებით სარგებლობამდე, მისი საპენსიო აქტივების და მომავალი საპენსიო შენატანების განთავსება,  ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ავტომატურად განხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) 40 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები და მომავალი საპენსიო შენატანები სრულად განთავსდება მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში;

ბ) 40 წლიდან 50 წლამდე ასაკის მქონე  მონაწილის საპენსიო აქტივები და მომავალი საპენსიო შენატანები სრულად განთავსდება საშუალორისკიან საინვესტიციო პორტფელში;

გ) 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები და მომავალი საპენსიო შენატანები სრულად განთავსდება ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მონაწილის ასაკი დგინდება შესაბამისი მონაწილის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღის მდგომარეობით.

8. მონაწილე უფლებამოსილია ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადებში და  წესით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და დააფიქსიროს მისი პოზიცია მისი საპენსიო აქტივების  იმ საინვესტიციო პორტფელში შენარჩუნების თაობაზე, რომელშიც განცხადების წარდგენის დღისათვის არის განთავსებული მისი საპენსიო აქტივები.

9. საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის არჩევის შემთხვევაში მონაწილე სასურველი პროცენტულობით ანაწილებს მის საპენსიო აქტივებს და მომავალ საპენსიო შენატანებს შესაბამის საინვესტიციო პორტფელებში. აღნიშნული გადაწყვეტილების საპენსიო სააგენტოს მიერ შესრულება მოხდება ამ ინსტრუქციის შესაბამისად.