„პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის“ დირექტორმა, გია კაკაჩიამ, საქართველოს საპენსიო სისტემაში ნეგატიური ტენდენციებისა და პრობლემების შესახებ BM.GE-სთან ისაუბრა.
კაკაჩიას განცხადებით, არსებული სისტემა ვერ აკმაყოფილებს მოქალაქეების ძირითად საჭიროებებს, როგორიცაა კომუნალური ხარჯები, კვება და მედიკამენტები.
„ბოლო კვლევების თანახმად, ქვეყანაში 90,000-ზე მეტი პენსიონერი სოციალურ დაუცველთა კატეგორიაში იმყოფება, რაც ეჭვქვეშ აყენებს ქვეყანაში მინიმალური სტანდარტების არსებობას“,- აცხადებს კაკაჩია.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა უფრო მეტი სისტემური ცვლილების გატარება, რათა მოხდეს პენსიონერების მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილება. მათ შორისაა მედიკამენტების, კომუნალური და კვების ხარჯების გაზრდა. თუმცა, დემოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც ხანდაზმული ადამიანების რაოდენობის ზრდას მოიაზრებს, კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.
„ყოველწლიურად დაახლოებით 20000-ზე მეტი ადამიანი გადის საპენსიო ასაკში. ყოველწლიურად ბიუჯეტიდან მხოლოდ საპენსიო გასაცემი თანხების უზრუნველსაყოფად, დაახლოებით 4 მლრდ ლარი იხარჯება. საჭიროა გონივრული და თანმიმდევრული რეფორმები, რათა პენსიონერებს ღირსეული ცხოვრების პირობები მიეცეთ“, – აღნიშნა კაკაჩიამ.
ინფორმაციისთვის, მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. 2025 წლიდან საქართველოში 70 წელს ზემოთ მოსახლეობის პენსიები მინიმუმ 450 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ამას პენსიის ინდექსაციის წესი ითვალისწინებს.