მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეების ნაწილმა საპენსიო დანაზოგები კონსერვატიულიდან დინამიკურ პორტფელში გადაიტანა - საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ მოქალაქეების ნაწილმა საპენსიო დანაზოგები კონსერვატიული ანუ დაბალრისკიანი პორტფელიდან დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელში გადაიტანა.

როგორც BMG-ის საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილემ განუცხადა, თუკი იანვარში დინამიკური პორტფელის მოცულობა 18 მლნ ლარი იყო, თებერვლის მდგომარეობით მისმა ზომამ 21 მლნ ლარს მიაღწია.

ლევან ვერძეულის განცხადებით, მოსახლეობის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დინამიკური პორტფელი შედარებით მაღალი მოგებიანობით გამოირჩევა.

„ტენდენცია ნარჩუნდება და დინამიკური პორტფელი უფრო მაღალ მომგებიანობას აჩვენებს, ვიდრე კონსერვატიული და დაბალანსებული. ეს იმით აიხსნება, რომ მასში უფრო მეტია უცხოური ვალუტის და აქციების წილი. შესაბამისად, ეს ფაქტორები მოქმედებს ამ პორტფელის მოგებიანობასა და მერყეობაზე. მთლიანობაში, სამივე პორტფელში დაბალი ვოლატილობა ნარჩუნდება. სქემის მონაწილეთა მოთხოვნებს პორტფელის შეცვლასთან დაკავშირებით ყოველდღე ვიღებთ და ისინი კონსერვატიულიდან დაბალანსებულ ან დინამიკურ პორტფელში გადადიან. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი 10 მონაწილიდან, რომელიც პორტფელის შეცვლას ითხოვს, 8 დინამიკურს ირჩევს. ეს იმით აიხსენება, რომ დინამიკური პორტფელის მოგებიანობა უფრო მაღალია. ჯერჯერობით მოსახლეობაში ინფორმირებულობა მაინც დაბალია. თუმცა ველოდებით, რომ წლის განმავლობაში მეტი მოქალაქე დააკვირდება სხვადასხვა პორტფელების განვითარებას, მათ შორის განსხვავებას დაინახავს და შესაბამისად, პორტფელების შეცვლაზე მომართვიანობაც გაიზრდება“, - განაცხადა ლევან ვერძეულმა.

2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მთლიანი ზომა 4.6 მილიარდ ლარს შეადგენს. მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 99%, ანუ 4.57 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელშია განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 80% ქართულ საინვესტიციო აქტივებშია ინვესტირებული, 20% კი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული და მისი მეშვეობით საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის ინვესტიციები განხორციელებული.

დაბალანსებული ანუ საშუალორისკიანი პორტფელის ზომა ჯერჯერობით მხოლოდ 25 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო დინამიკური პორტფელის მოცულობა ამ დროისთვის 21 მლნ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები