მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. 2025 წლიდან საქართველოში 70 წელს ზემოთ მოსახლეობის პენსიები მინიმუმ 450 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ამას პენსიის ინდექსაციის წესი ითვალისწინებს.
ბიუჯეტის პროექტის სრული ვერსია ჯერ პარლამენტის ვებ გვერდზე არ გამოქვეყნებულა, თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში:
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება;
- 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს.
ბიუჯეტის მიხედვით, ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6,3 მილიარდ ლარს.
2020 წელს პარლამენტმა სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, მიიღო პენსიების ინდექსაციის კანონი, რომელიც ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის დონის გათვალისწინებით ადგენს წესს, რითაც ყოველწლიურად პენსიის ოდენობა უნდა გადაიხედოს. ამავე კანონით, ერთმანეთისგან გაიმიჯნა 70 წლამდე და 70+ მოსახლეობის პენსიები.
2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა საბიუჯეტო პროცესის თანახმად, გაგრძელდება პარლამენტში, სადაც მოხდება გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების ასახვა, ხოლო დეკემბერში საბოლოო ვერსიის მიღება.
მომავალი წლის ბიუჯეტი კვლავ დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:
რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს;
ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს.
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24,4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 25,1%-ია;
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.
ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.